ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

საუბარია შემდეგ მუხლებზე: 32 – ადმინისტრაციული პატიმრობა; 33 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელის დადების ზოგადი წესი; 233- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე; 236 – მტკიცებულებანი; 237 – მტკიცებულებათა შეფასება; 240 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი; 264 – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი;  266 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება.

საია-ში განმარტავენ, რომ გასაჩივრებული მუხლების შინაარსი, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის განხილვასა და გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე, როგორიცაა: მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება, უტყუარი მტკიცებულებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მეხუთე პუნქტებს, ასევე მე-40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებს.

საია-ს წარმომადგენელთა თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს და მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებები იზღუდება.

 

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები