ახალი ამბები

ზურაბ გურული- “ემიგრანტი ექიმი 2018”

ზურაბ გურული – აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი, ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი.

ზურაბ გურული ის საამაყო ექიმია, რომელმაც პროფესიული ეტაპების ყველაზე  რთული პროცესი განვლო ამერიკული სამედიცინო სერტიფიკატის მოსაპოვებლად და ღირსეული კარიერის გასაკეთებლად. ამერიკაში მოღვაწეობის მიუხედავად იგი მუდმივად თვალს ადევნებს  ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სფეროში მომდინარე პროცესებს, როგორც სიახლეებს , ასევე პრობლემებს,  არც  ხმამაღლა და საჯაროდ საუბარს ერიდება, რადგან გულწრფელად წუხს და ტკივა.  

ზურაბ გურული საქართველოდან  90 იანი წლებში გაემგზავრა. მოგეხსენებათ,  ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში  არსებული მძიმე  ეკონომიკური,  სოციალური, პოლიტიკური  სიტუაცია არ იძლეოდა ახალგაზრდებისთვის პროფესიული ზრდა-განვითარების საშუალებას, ფაქტიურად უპერსპექტივობა სუფევდა!

ზურაბ  გურული ხშირად დანანებით საუბრობს საქართველოდან საზღვარგარეთ გადინებულ პროფესიონალ კადრზე, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აბსოლუტურად ბუნდოვან  მომავალზე,  რის გამოც უამრავ ნიჭიერ ახლგაზრდას კარგავს ქვეყანა, მათი ნაწილი პროფესიას იცვლის, ნაწილი კი საზღვარგარეთ მიდის სამუდამოდ.

ექიმის საყვარელი  ჰობია- წერა, საყვარელი რუმის, ჰაფეზის და ალან პოს თარგმნა.ზურაბ გურული პროფესიის გამო ყოველდღიურად იმყოფება ადამიანების მისტიკურ ლაბირინთებში , რომლებიც ეხმარება მას უკეთ აღვიქვას არა მარტო პაციენტის განცდა, არამედ  მისტიკური სამყაროც. 

ახლახანს  თიბისი გალერეამ უმასპინძლა მისი რომანის “სპილო წყვდიადში” პრეზენტაციას.  რომანის გმირებიც  ექიმები არიან… „სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე.  რომანის მთავარი გმირის, ექიმი საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე ,  ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში, თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში ერთგვარ წინასიტყვაობად გასდევს თავად ზურაბ გურულის მიერ ნათარგმნი რუმის  ლექსი და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც. არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? სულების არსებობის ალბათობა…. 

ზურაბ გურული სტუმრობდა  გადაცემა “პაციენტის დრო”-ს, რადიო საქართველოს ხმაზე,  რომლის შემდგომ  გადაცემის ავტორსა და წამყვანს დაუკავშირდა  მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ხელმძღვანელი მარიამ გოგრიჭიანი და ბ-ონ ზურაბს 26 იანვარს, არტ ჰოლში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე  „ემიგრანტი ექიმი 2018“ -ის ნომინაცია მიანიჭეს.

ვულოცავთ საამაყო და ღირსეულ ექიმს დამსახურებულ ნომინაციას.

მაია ცომაია

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები