ახალი ამბები

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჩემი ტრაგედია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა – ზაზა სარალიძე

„გამოსავალი არ არის ხელისუფლების ხშირი ცვლილება. ხალხმა ხელისუფლება კი არ უნდა გადავაყენოთ, არამედ ვაიძულოთ, შეცდომა გამოასწოროს და მთელი თავისი ძალისხმევა სამართლიანობასა და კანონის სამსახურში ჩააყენოს“, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

როგორც ზაზა სარალიძე გამოცემასთან ამბობს, ის უკვე ორი თვეა, პარლამენტის შენობასთან კარვების აქციაში აღარ მონაწილეობს. იგი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ თავისი საქციელისთვის არ განკითხონ.

ამასთან, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდა და ძალიან განიცდის, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მისი ტრაგედია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.

გარდა ამისა, ზაზა სარალიძე კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას და აცხადებს, რომ მას ფინანსურად უცხოეთში მყოფი ემიგრანტები ეხმარებოდნენ.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, იგი საზოგადოებას ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ქვითრებსაც წარუდგენს.

„იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე”, – ამბობს ზაზა სარალიძე.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები