ახალი ამბები

ჟურნალისტი ზაზა დავითაია ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ აქციაზე დააკავეს

დღეს, პოლიტიკურმა ბლოკმა „ევროპულო საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ უზენაესი სასამართლოს წინ აქცია გამართა. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მათი კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს.
„თქვენ იცავდით მაია თობურიას, რომელსაც ბრალდებოდა შეიარაღებული გადატრიალება, მათ ასამართლებდნენ ის ადამიანები, რომელთა გვერდით პარტიაში ახლა თქვენ დგახართ, რატომ დგახართ ამ ადამიანების გვერდით დღეს? თქვენს გვერდით არიან ბოკერია და ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იყვნენ ჯალათები.“-ეს კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა ბატონ შალვა შავგულიძეს. დავითაიას ამ კითხვას აქციის რამდენიმე მონაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და ჟურნალისტი დააკავა.

„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელების და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას“, – განაცხადა დაკავების დროს ზაზა დავითაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები