ახალი ამბებიპოლიტიკა

„ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს“

დროა, შევიმუშაოთ გზამკვლევი საქართველოს ნატო-ში წევრობისთვის, ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა. მან მონაწილეებს გერმანიიდან მიმართა.

„პატივცემულო დისკუსიის მონაწილეებო, მასპინძლებო და სტუმრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, რათა წელს საშუალება მომცა, შავი ზღვის გეოპოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი პანელი გამეხსნა.

მიუხედავად ჩემი წუხილისა იმის გამო, რომ დღეს ფიზიკურად არ ვიმყოფები თქვენთან ერთად, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მომავალი წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იქნება ჩართული და მე მოუთმენლად ველი შემდგომ ერთობლივ საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ასევე, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ ახლახან დაასრულა ყოველწლიური ძირითადი ჯგუფის შეხვედრა, ძალიან მაღალი დონის კონფერენცია მინსკში, რომლის განხილვის თემა იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის პრობლემები, მათ შორის იარაღის კონტროლისა და INF (საშუალო სიშორის ბირთვული ძალების) ხელშეკრულების საკითხები.

რა თქმა უნდა, კონფერენციაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც. ნება მიბოძეთ, უფრო კონკრეტულად განვიხილო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი“, – აღნიშნა იშინგერმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

„ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ თქვენი რეგიონის უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შავი ზღვის რეგიონი ევროპის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი წყალგამტარია. ის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

რუსეთი დიდ ინტერესს გამოხატავს ამ რეგიონის მიმართ. ჩვენ უკვე ვიხილეთ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. უფრო მეტიც, 2014 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და შემდგომი კონფლიქტური სცენარები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს.

რუსეთის გავლენა, ასევე, ნეგატიურად აისახება დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე. მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზთღვისპირეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, რათა წინ აღუდგეს ამ რეგიონებში ნატო-სა და აშშ-ის როლის გაძლიერებას. მე ასევე ველოდები, რომ რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ასევე განაგრძობს ძალისხმევას სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იშინგერმა.

მისივე თქმით, ყოველივე ამის ფონზე, ნატო-ს საკმაოდ გაუბედავი სტრატეგია აქვს წარმოდგენილი.

„ბოლოს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე წარმოჩინდა შავი ზღვის ახალი სტრატეგიის წარმოების საჭიროება. ნატო-ს წარმომადგენლობა ამ რეგიონში საჭიროებს განახლებას. აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის არსებული უსაფრთხოების დაუბალანსებელი მდგომარეობის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის რისკს, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს ნატოსთვის მოწყვლად ზონად.

ყოველივე ამის შუაგულში არის საქართველო, რომელმაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ განახორციელა უამრავი წარმატებული რეფორმა და წარმატებით თანამშრომლობს ნატო-სთან. ქალბატონებო და ბატონებო, დროა, შევიმუშაოთ კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობისთვის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს, კონკრეტული გზამკვლევის და წინსვლის გეგმის გარეშე, ეს არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას ავნებს, არამედ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ.

ნება მომეცით, ამ შესავალი სიტყვით დაგემშვიდობოთ და სიტყვა გადავცე დისკუსიის მონაწილეებსა და მოდერატორებს. საინტერესო დისკუსიას გისურვებთ, სიამოვნებით ვიქნებოდი დღეს თქვენთან ერთად. დიდი მადლობა“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.

ვოლფგანგ იშინგერის მიმართვის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

წყარო: 1tv.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები