ახალი ამბებითემურ სამხარაძე

“წერით, ადრეც ვწერდი, ოღონდ ისე, ჩემთვის, ჩუმად”: მარინა მამულაშვილი- ბოტკოველი

  1. წარმატებული გადაცემის შემდეგ სადღეისო საუბრების ავტორმა და წამყვანმა თემურ სამხარაძემ ქ.მარინას სთხოვა უფრო მეტი მოეთხრო ჩვენთვის მისი ცხოვრებიდან. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ვუსურვებთ  წარმატებებს და ველოდებით მისი შემოქმედეთი პოეზიის კრებულად ქცევას! ❤

     დავიბადე მცხეთობას თბილისში. 14 ოქტომბერი ჩემი დაბადების დღეა. ალბათ ამიტომაა, რომ შემოდგომა მიყვარს. ყვითელი ფოთლები და გალაკტიონი მიყვარს კიდევ. ჩემი ქალაქიც ძალიან მიყვარს და გული მწყდება, რომ დაკარგა თბილისმა სითბო. გაცივდა და გაუხეშდა. დაუწახნაგდა გული და იერი… თუმცა, უჩემქალაქოდ დიდხანს ვერ ვძლებ.
სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, რაც ძალიან მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება. მაშინ, 80-იანებში. პრესტიჟულად ითვლებოდა თსუ-ს სტუდენტობა. ჩემს ფაკულტეტს ძალიან საინტერესო სახელი ერქვა – დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. კარგად ჟღერდა, განსაკუთრებით იმ დროს. სტუდენტობა ყოველთვის ტკბილად და თბილად მახსენდება.
მერე იყო ჩემი პირველი სამსახური. მცხეთის ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმში გიდი ვიყავი ანუ ესკურსიამძღოლი. ასეთი სამუშაო ადგილი მეორე არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ეს იყო სამსახური, სადაც ყოველთვის კარგ განწყობაზე ყოფნა გვიწევდა. უცხოელ სტუმრებს ისე ვხვდებოდით როგორც ყველაზე სასურველ და მნიშვნელოვან ადამიანებს. აქამდე მომყვება ის სიყვარული და ურთიერთობა, რაც მაშინდელ თანამშრომლებს გვქონდა ერთმანეთის მიმართ.<br>
იქვე გავიცანი ადამიანი, რომელსაც ჩემი მომავალი დავუკავშირე და დღემდე ერთად მივყვებით ცხოვრების გზას.<br>
90-იანებმა, წლებმა, რომლებმაც ბევრი ტკივილი მოგვაყენა, მეც დამწყვიტა ბევრ რამეზე გული; თუმცა, ჩემმა შვილებმა ისეთი ბედნიერება მომანიჭეს, რა მოსატანია ყველა დანარჩენი.უშუქობა და უსახსრობა დამავიწყესო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ზამთრის ღამეები&nbsp; ლამფის შუქზე ზღაპრების კითხვასა და გიტარაზე დაკვრაში გადამატანინეს.
ამასობაში, დაინგრა ქვეყანა, დაიშალა და განადგურდა ჩვენი საყვარელი მუზეუმი. სტუმრად ვიღა ჩამოვიდოდა ამ გაპარტახებულ ქვეყანაში, თუნდაც სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის სანახავად. ჰოდა, მეც სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. ასეთი სამსახური აღმოჩნდა სკოლა და მასწავლებლობა. 10 წელი გავატარე სკოლაში 1995 – 2005. სკოლამ ბევრი მეგობარი შემძინა, როგორც კოლეგებში, ისე მოსწავლეებს შორის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მახარებს.
2005 წლიდან დღემდე ვარ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ინგლისური ენის პედაგოგი. უცხო ენების კათედრის გამგის მოადგილე.
დაცული მაქვს დისერტაცია თარგმანმცოდნეობაში.   ეს რამდენიმე ხანია, ალბათ ერთი წელი რაც სოციალურ ქსელში ლექსების გამოქვეყნება დავიწყე. წერით, ადრეც ვწერდი, ოღონდ ისე, ჩემთვის, ჩუმად. მას შემდეგ რაც მეგობრებმა მომიწონეს, უფრო და უფრო გავთამამდი და ვწერ და ვწერ.😊

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები