ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ში საბიბლიოთეკო დღეების დახურვა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო დღეების დახურვასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალურ, მათ შორის, ავტოგრაფიან წიგნებთან ერთად, პირველად გამოიფინა ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის პორტრეტი სულ რამდენიმეა შემორჩენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას და საბიბლიოთეკო დარგის შესახებ ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომებს.

საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ბიბლიოთეკარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სტუდენტები ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საბიბლიოთეკო დღეების დახურვა სწორედ თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესია საქართველოში თავისი წიგნადი ფონდით. საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ პრობლემებზე, გადასაჭრელ საკითხებზე, გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში. ამასთან, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური მასალები,“- განაცხადა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის შენობაში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.. „გამოფენა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჩვენს საცავებში დაცულია რარიტეტული, უნიკალური საბიბლიოთეკო დოკუმენტები, რომელიც იშვიათ გამოცემებს განეკუთვნება. აქ არის ასევე წარმოდგენილი საქართველოში შექმნილი საბიბლიოთეკო შრომები, არა მხოლოდ უნივერსიტეტელი ბიბლიოთეკარების, არამედ ზოგადად ბიბლიოგრაფიული ნაშრომები და სხვა,“ – აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკარის ქეთევან სამადაშვილის თქმით, საბიბლიოთეკო ასოციაციამ გამოსცა წიგნი „ბიბლიოთეკარი-ხელოვანი“, „წიგნშითავმოყრილია ხელოვან ბიბლიოთეკართა ნაშრომები, მათ შორის ჩემიც“,– განაცხადა ბიბლიოთეკარმა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას აქცენტი უფრო რეგიონალურ ბიბლიოთეკებზე ჰქონდა გაკეთებული, დღეს განახლდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან,“ – აღნიშნა საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსუდან ასათიანმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საბიბლიოთეკო საქმიანობაში, კიდევ უფრო დაიხვეწება მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანაში არსებულ ბიბლიოთეკებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიეთ ჩვენს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ინიციატორი, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს,“ – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც განხილვის თემა წიგნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და საბიბლიოთეკო დარგში საკანონმდებლო ინიციატივა იყო.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები