ახალი ამბები

თოვლიანი გაზაფხული

სიზმრად ნანახი იმედის ერთადერთი ნაპერწკალი - მწვანე ფოთოლი, რომელიც არსებობის უკიდურეს წამებს ებღაუჭებოდა...

დილას მცირედ შეღებული აივნიდან შემოჭრილმა გრილმა სიომ გამაღვიძა, რომელმაც უმალ გაარღვია ჰაერის ზღუდე, თითქოს მისი სხეულის ნაწილი შემოზიდა და გვერდები აქეთ-იქეთ გაიქნია, სახეზე მომელამუნა და სუსხის ელფერი მომფინა, ფანჯარასთან მივირბინე და მაშინვე დავინახე თეთრად შემოსილი ხეები, რომლებიც მაცდურად იწონებდნენ თავს და კეკლუცად ნახავერდებ სამოსს ისწორებდნენ.

და აი, დღეს, ნანატრი არდადეგებიც მეწყებოდა. საუკეთესო შეგრძნებაა, როცა რაიმეს დიდხანს გეგმავ და ეს დრო ახლოვდება. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ჩალაგებული ჩანთა გამოვაგორე კარადიდან, ყველა საჭირო ნივთი მოვიძიე და წასასვლელად მოვემზადე. კი მწყდებოდა გული, რომ ორი კვირით სახლს ვტოვებდი, მაგრამ იმდენად მინდოდა ბუმბერაზი და გაუკაცრიელებული მთების ნახვა, ამაზე დიდად აღარც მიდარდია. ადრე მხოლოდ ფილმებიდან, ან ინტერნეტიდან მიმიწვდებოდა ხელი თოვლიან ადგილებზე, რადგან ჩემ ქალაქში თოვლი იშვიათად, ან საერთოდ არ გვსტუმრობს. ახლა კი, როცა როგორც იქნა დავაღწიე სამსახურს თავი, ჩემი დანაზოგით შევძლებდი ოცნების ახდენას. არა, სიზმარს ჰგავდა…

ნანატრ არდადეგებზე ფიქრმა ისე გამიტაცა, რომ საერთოდ ვერ შევამჩნიე სადგურში მისვლა. ტაქსიდან ჩამოვედი, ჩემი ბარგი გადავაგორე, რომელსაც ძლივს ვერეოდი და სადგურისკენ გავეშურე. მგონი ადრე მივედი, ღია ცის ქვეშ ვიდექი და მოუთმენლობისგან ვერ ვისვენებდი. ბილეთები მოვიძიე და შესაბამისი ვაგონის ძებნა დავიწყე, ასეთ რაღაცებში კი ვერ ვერკვეოდი, ლიანდაგს რომ გავხედე უღიმღამო ელფერი ედო, დაჟანგული მატარებლებიც დაგრუზულიყვნენ. ბოლოს კითხვა კითხვით მივაგენი, როგორც იქნა დავჯექი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც არაამქვეყნიური საქმე გავაკეთე, მძიმე ჩანთის ტარებისგან მისავათებულმა სული მოვითქვი და ფანჯრიდან გავიხედე. მატარებელი რომ დაიძრა, ბებოს ნაქონი, კოდაკის აპარატი მოვიმარჯვე, არ მინდოდა რომელიმე ხედი გამომრჩენოდა. ერთი მეორეზე უკეთესი სანახაობა იყო, ყველას დახატვა მინდებოდა. ადრე ვაგროვებდი ხოლმე ჩემს გადაღებულ ფოტოებს. წარმოვიდგინე, როგორ ვივლიდი თოვლში ჩაფუთნილი, როგორ გავყურებდი ჩემი ამორჩეული სახლიდან თოვლის მსხვილი ფიფქების ცეკვას, როგორ მოვიდუღებდი ცხელ ყავას და ჩემი მუზის ტილოზე გადატანას დავიწყებდი. ვრწმუნდებოდი, რომ თოვლიანი გაზაფხული სულიერ შთაგონებას შემმატებდა, ამავსებდა, სიახლისა და თავგადასავლების ძიებისკენ მიბიძგებდა. არც ჩემი ქალაქი იყო უღიმღამო ან უინტერესო, მაგრამ ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება მაიძულებდა 2 კვირით მაინც დამესვენა მისგან შორს.

ჩამძინებია და საკმაოდ უცნაური სიზმარიც ვნახე. მივრბოდი და ვერ ვერკვეოდი, სად ვიყავი. გარშემო უდაბური ტყეც შავად შემოსილიყო, ეს კი უფრო მეტად მირევდა ორიენტაციას. ერთ-ერთი ბუჩქიდან კატა გადმოხტა, მე კი შიშისგან დავეცი და ფეხი გადამიბრუნდა. უწყინარმა სევდიანი თვალებით შემომხედა და ვიგრძენი, რომ დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა. ენა გამისვა კოჭზე და თავისი პატარა თათი დამადო. მგონი სერიოზული არაფერი მჭირდა, მაგრამ თავს ვიკავებდი ადგომისგან, ვიფიქრე მოვეფერებოდი, მაგრამ ხელი რომ დავადე, გაიქცა. ქარმა დაუბერა, თოვლის მსხვილი ფანტელები გამეტებით მიექანებოდნენ მიწისკენ, ალაგ-ალაგ იფანტებოდნენ და თითქოს ცეკვავდნენ, ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მციოდა და სიბნელეში მეტად მიმძაფრდებოდა შიშის შეგრძნება. ხელი მიწაზე დავდე, იქნებ წამოდგომაც მეცადა და ხელთ პატარა ფოთოლი შემრჩა. უეცარმა გაელვებამ ცა გაანათა, თვალწინ წარმომიდგა თოვლიანი გაზაფხულის თვალწარმტაცი პეიზაჟი და იმედის ერთადერთი ნაპერწკალი – მწვანე ფოთოლი, რომელიც არსებობის უკიდურეს წამებს ებღაუჭებ…

– გაიღვიძე, სამსახურში არ დაგაგვიანდეს.

ავტორი : დეა ცომაია

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები