კულტურა

სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

თბილისის მთავარ პროკურატურაში სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს დღეს გამოკითხავენ.  12 სექტემბერს პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი (2012-2015 წლებში) ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ელაპარაკება. საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელიც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა. უჩა მამაცაშვილმა ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყება სთხოვა.

ჩანაწერი ტელეკომპანია „იბერიამ“ გამოაქვეყნა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია“. არხი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები