ახალი ამბებიმედიცინასაზოგადოება

სასწრაფოდ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გვიკბინა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის კბენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღების შესახებ რჩევებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

„ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს.

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

– იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია

– დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით

– ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან

– დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად

– არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.

– დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით

– მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი კრაზანის კბენის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა. შემთხვევა სოფელ ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რაიონში წელს კრაზანების რაოდენობამ განსაკუთრებულად მოიმატა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები