ახალი ამბებისაზოგადოება

საჯარო ლექცია „პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების სტრატეგია“

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის, სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სერვისების კვლევის მედიცინის დეპარტამენტის ხარისხისა და ეფექტურობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა (ავსტრია) წაიკითხა საჯარო ლექცია – „პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების სტრატეგია“.

ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, დაინტერესება ძალიან დიდი იყო. ლექციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე (ავსტრია), სტუდენტები, რეზიდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.

პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა ისაუბრა მსოფლიოში სამედიცინო შეცდომების სიხშირეზე, ამ შეცდომათა იდენტიფიკაციის შესაძლებლობებზე, თანამედროვე ხედვაზე, თუ როგორაა შესაძლებელი აღნიშნული იდენტიფიკატორებით არასასურველი სამედიცინო გამოსავლის პრევენცია. არსებული ინფორმაციის პრაქტიკული მნიშვნელობა უდავოა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ხოლო არსებული სისტემების კლინიკური იმპლემენტაცია საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

აუდიტორიამ დიდი ინტერესი გამოხატა. მსმენელების შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, საჭირო და მნიშვნელოვანი ლექცია.

სტუდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც არაერთხელ მიეცემათ საშუალება, მოისმინონ პროფესორ ვოლფგანგ ბუხბერგერის ლექციები.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები