ახალი ამბებიპოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“: არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.

ორგანიზაციამ 07:00 საათიდან 13:00 საათამდე დაკვირვების მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ამ დროისთვის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

„პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. აღნიშნული 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან: #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანი, #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანი და #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვების რამდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა.

„დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები შეუშვეს უბნებზე. ასეთი პრობლემა შემდეგ 18 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა: #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანი, #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანი, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #43 და #37 საარჩევნო უბნები, #11 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 და 21 საარჩევნო უბანი, #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანი, #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანი, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #16 და #35 საარჩევნო უბნები, #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი, #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანი, #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანი, #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი, #32 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანი, #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანი, #32 გორის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანი და #8 ვაკის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ipn.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები