ახალი ამბებიპოლიტიკა

სააკაშვილი: პაციენტი, სახელად საქართველო, კვდება

16 დეკემბრისთვის დანიშნულ პრეზიდენტის ინაუგურაციასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციას ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკით ავრცელებს ვიდეომიმართვას.

„ახლა ხშირად ამბობენ, რომ რადიკალიზმის დრო არ არის. ეს იცით, რას მაგონებს? პაციენტი გიკვდებათ და ეს პაციენტი არის თქვენი დედა, თქვენი შვილი… საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, მაგრამ გეუბნებიან, შეიძლება ნეკნი გაუტყდეს და მოდი ასპირინი დავალევინოთ, რადგანაც ახლა რადიკალური მეთოდები არ არის საჭიროო. პაციენტი გიკვდება! ასპირინი არ შველის! არის პერიოდი, როცა რადიკალურ გამოწვევებს უნდა უპასუხო რადიკალური კონსოლიდაციით და ეს პერიოდი საქართველოს უკვე დაუდგა. არჩევნები არის მოპარული!“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა, რომელიც “ჯიბეში უდევს ერთ ოლიგარქს“.

„არავინ არ უნდა დაელოდოს ვინმე სხვას. ყველა უნდა იყოს ლიდერი. ახლა არ არის იმის კითხვის დრო, რას გვეტყვიან ლიდერები. ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ყველა უნდა ვიყოთ ლიდერი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. ხელი უნდა გაანძრიო, რათა საკუთარი თავი გადაირჩინო, საკუთარი ქვეყანა გადაურჩინო შენს თავს და შენს შვილებს. ლიდერებზე გამოკიდებისა და პასუხისმგებლობის გადაბარების დრო არ არის. ჩვენ რას ვაკეთებთ, ამაშია საქმე. ჩვენ უნდა გავხდეთ ლიდერები, ჩვენი თავის და ქვეყნის პატრონები. თქვენ გართმევთ ქვეყანას ივანიშვილი და თქვენ უნდა წამოიღოთ ის უკან! ნუ დაელოდებით ლიდერებს! ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მას. დავამარცხეთ არჩევნებზე. მან ჩვენი გამარჯვება მოიპარა იმიტომ, რომ ჩვენ ვითამაშეთ წესების დაცვით, მან კი ყველა წესი დაარღვია. ახლა წესების დამრღვევს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი“, – ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები