ახალი ამბები

რწმენის გავლენა სულიერებაზე

დოსტოევსკი წერდა: „მათემატიკურად, რომ დამიმტკიცონ ჭეშმარიტება ქრისტეში არ არისო ქრისტესთან უფრო ვარჩევდი დარჩენას, ვიდრე ჭეშმარიტებასთან“. ლესინგი წერდა: „მე რომ გამომეცხადოს ღმერთი, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირება ჭეშმარიტება, მარჯვენაში კი გზა ჭეშმარიტებისკენ, მე ავირჩევდი მარჯვენას, რადგან ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთების ხვედრია, ჩვენ კი უნდა ვიაროთ მისკენ მიმავალ გზაზე“.

დოსტოევსკი წერდა: „მათემატიკურად, რომ დამიმტკიცონ ჭეშმარიტება ქრისტეში არ არისო ქრისტესთან უფრო ვარჩევდი დარჩენას, ვიდრე ჭეშმარიტებასთან“.
ლესინგი წერდა: „მე რომ გამომეცხადოს ღმერთი, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირება ჭეშმარიტება, მარჯვენაში კი გზა ჭეშმარიტებისკენ, მე ავირჩევდი მარჯვენას, რადგან ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთების ხვედრია, ჩვენ კი უნდა ვიაროთ მისკენ მიმავალ გზაზე“.

სულიერება – ის უხილავი ფენომენია, რომლის მიღმაც ადამიანები საკუთარ ცნობიერებას, ყველაზე ბნელ, ან მიუწვდომელ აზრებს, ხელშეუხებელ ფიქრებს, მორალურ ღირებულებებს, ეთიკურ ფასეულობებსა და ირეალურ შესაძლებლობებს ვმალავთ. მოკლედ, რომ გვეთქვა ეს იქნებოდა, საკუთარი „მეობის“ კარი, რომლის გასაღებიც თავად ჩვენ ვართ. ხშირად, ადამიანები საკუთარ თავს ვარწმუნებთ იმ ფაქტებში, რომლის სამართლიანობაც ჩვენს ცნობიერებასთან ყველაზე ახლოსაა, ანუ სხვადასხვა საკითხს ვარგებთ ჩვენს ეგოს, შესაბამისად მივდივართ რაღაც „ჭეშმარიტებამდე“, რომელიც შესაძლოა რწმენითაც საზრდოობდეს. მაგალითად, დოსტოევსკი ამბობდა, რომ მათემატიკურად დამტკიცებულ ჭეშმარიტების არსს, ქრისტეს მოძღვრება ურჩევნია. მისთვის რელიგიური ღირებულება – ქრისტეს არსებობაზე გადის, შესაბამისად ეს მისი ცნობიერებისა და რწმენის გავლენაა სულიერებაზე.
ადამიანი იმდენად დამოუკიდებელი და ინდივიდუალურია, რომ შეუძლია თავად განკარგოს აზრები, ასევე სურვილისამებრ ცვალოს, ან მის მოთხოვნილებებს მოარგოს. მოდით განვიხილით რწმენის მაგალითები ადამიანების მიმართ. ადრე წამიკითხავს ფაქტები, რწმენით განკურნებულებზე და იმაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მას სულიერებაზე. ძველი კვლევების თანახმად სამუდამო პატიმრებზე ატარებდნენ ცდებს, რომლის შედეგიც ზუსტად ხსნის ამ გავლენას. რამდენიმე დღის განმავლობაში შთააგონებდნენ მათ, რომ პირობითად ცხელი შანთით დაწვავდნენ მის კანს, დენს გაუტარებდნენ, ან გილიოტინაზე თავს მოკვეთდნენ. ისინი კი, ამ დღეების მანძილზე ტკივილის რწმენით საზრდოობდნენ, ცხადად წარმოიდგენდნენ მოსალოდნელი განსაცდელის სიმძაფრეს და წინასწარი ტკივილით აღიქვამდნენ ყველაფერს. ხოლო სიკვდილის დღეს, მათ ცხელის ნაცვლად ცივ შანთს ადებდნენ, ან გამორთულ აპარატთან სვამდნენ, გილიოტინის ხმებით ინსცენირებდნენ და შედეგი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც რეალური მოქმედებისას იქნებოდა. სხვა შემთხვევაში, ისტორიას ახსოვს ფაქტები, რომლის მიხედვითაც კიბოს ბოლო სტადიით დაავადებულებს წყალს ასმევდნენ და მათი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ იკურნებოდნენ.
ლესინგი წერდა: „მე რომ გამომეცხადოს ღმერთი, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირება ჭეშმარიტება, მარჯვენაში კი გზა ჭეშმარიტებისკენ, მე ავირჩევდი მარჯვენას, რადგან ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთების ხვედრია, ჩვენ კი უნდა ვიაროთ მისკენ მიმავალ გზაზე“. ადამიანებს მიენიჭათ სიტყვის, რწმენის, აღმსარებლობის, არჩევნის, სიცოცხლისა და საკუთარი უფლებების განკარგვის თავისუფლება, შესაბამისად ჩვენი არჩევანია ვივლით თუ არა ჭეშმარიტების გზაზე, გვინდა თუ არა რაიმე „ჭეშმარიტებას“ მივაგნოთ და რა არის ჭეშმარიტება? ალბათ, სწორედ ისაა პასუხი, რასაც ვიკვლევთ და ვეძიებით, მაგრამ ამ სიტყვისთვის ახსნას ჩვენ ვეძებთ მხოლოდ, იქნებ მას სულ სხვა ახსნა აქვს, იქნებ ის სულ არაფერს ნიშნავს და სწორედ იმიტომ გვაწუხებს, რომ ჩვენი სულიერება გვთხოვს ამას, ვიცოდეთ მეტი ირგვლივ არსებული ბუნებრივისა და რეალურის მიჯნაზე არსებულის შესახებ.
ადამიანები შესაძლებლობების მიხედვით ვცხოვრობთ, ხშირად უკანასკნელ იმედებსაც ვებღაუჭებით. და ეს უკანასკნელი იმედიც, სწორედ, რწმენით მოდის. ბიბლია გვამცნობს, რომ „რწმენა საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“. რწმენის განხილვა რელიგიურ მაგალითზე საინტერესოა, რადგან გავიგებთ, თუ რა ძალა აქვს მას და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ღვთის რწმუნებით შეგვექმნას უდიდესი რწმენა, რომელიც გვიხსნის განსაცდელისგან, განგვამტკიცებს ჩვენს შესაძლებლობებში და მეტიც, აგვიმაღლებს მოტივაციას, რათა სამომავლოდ უფრო ადვილად ვებრძოლოთ ამა თუ იმ განსაცდელს. „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ“, მაშასადამე, ის დაფუძნებული ყოფილა იმ შემეცნებაზე, რის საფუძველზეც ადამიანს სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მორწმუნეს უნდა სწამდეს არა ბრმად, არამედ – გონებით.
ჩემთვის რომ ეკითხათ, თუ რა გავლენა აქვს რწმენას სულიერებაზე, ალბათ ვუპასუხებდი, რომ ეს ორი უერთმანეთოდ არ არსებობს. აუცილებელი არაა რწმენა, მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით აღვიქვათ, რადგან ამ სიტყვის განმარტებას ბევრად ვრცელი და ბუნდოვანი არგუმენტებიც მოჰყვება. ასევე, ნათელია, რომ ეს სულაც არ არის მხოლოდ ღვთის არსებობის დაჯერება, შესაძლოა ადამიანს კერპების მიმართ ჰქონდეს რწმენა, ან უბრალოდ ღვთაების, ან თუნდაც გამოგონილი პერსონაჟის, მაგრამ აქ მთავარი, არსების ნაცვლად, გონება და სულია.

ავტორი: დეა ცომაია

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები