ახალი ამბებიპოლიტიკა

რომან კაკულია „თიბისიზე“ – თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე

იმდენად გაიცვითა სიტყვები “დაველოდოთ გამოძიებას”, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობი, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „კვირის პალიტრისთვის“მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კაკულიამ განცხადება გააკეთა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიშალა. ასევე ის გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, რომელიც დღეს გაიმართება და სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უნდა მოუსმინონ.

კაკულიას თქმით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმენენ, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ჭეშმარიტების დასადგენად, საკითხავია.

„იმდენად გაიცვითა სიტყვები “დაველოდოთ გამოძიებას” და იმდენად მიეჩვია საზოგადოება, რომ ყველა ბრალდებული თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო ყველა ბრალმდებელი – მისი მტკიცებულებების უტყუარობას, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობი. დღევანდელი სასამართლო უკეთესია წლების წინანდელზე, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტები, დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები საკუთარ თავზე იღებენ გამოძიების ფუნქციას. მეორე მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ რაც უნდა მნიშვნელოვან პერსონებზე გვქონდეს საუბარი, ვინმე სარგებლობს ინდულგენციით, რომ თუ კითხვები გაგიჩნდა, მათ არ უნდა შეეხო. ამიტომ, თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაკლად და ხინჯად დააჩნდება ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები