ახალი ამბებიმსოფლიო

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

ამაზონის ჯუნგლები იწვის.

ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე.

ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს.

ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი ჯუნგლებია.

ამაზონის ჯუნგლები დედამიწის კლიმატის რეგულირებაშიცაა ჩართული. იცოდით, რომ ამაზონის ჯუნგლებში დაახლოებით 400 მილიარდამდე ხეა? სხვათა შორის, გამოთვლების მიხედვით, ირმის ნახტომში მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 400 მილიარდი ვარსკვლავი უნდა იყოს. ანუ, შესაძლოა, რომ ამაზონის ჯუნგლებში იმაზე მეტი ხე იყოს, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავი.

კლიმატი

ფოტო: Dallas Krentzler

ტროპიკული ტყეები ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობის წყალსა და ენერგიას ათავისუფლებენ, რასაც მსოფლიო კლიმატზე დიდი გავლენა აქვს.

ამაზონის ჯუნგლებში არსებული ხეები ყოველდღიურად ატმოსფეროში 20 მილიარდ ტონა ნალექს ათავისუფლებს, რის შედეგადაც წარმოქმნილი წვიმის ღრუბლები მთელი დედამიწის გარშემო ბრუნავს. ამაზონის ჯუნგლების მიერ გამოთავისუფლებული წყალი ლოკალურ და გლობალურ კლიმატურ ციკლებში ერთვება. ხეების გარდა, მნიშვნელოვანია მდინარეებიც, რომლიდანაც გამავალი წყალი გავლენას ოკეანის დინებებზეც ახდენს, რომლებსაც, თავის მხრივ, გავლენა სხვა ეკოსისტემებზეც აქვს.

აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დარჩენილი ტროპიკული ტყეების ნახევარზე მეტს, ამაზონის ჯუნგლები შეადგენს. დედამიწაზე არსებული ჟანგბადის 20 პროცენტის წყარო, ასევე ამაზონის ჯუნგლებია.

ბიომრავალფეროვნება

ამაზონის ჯუნგლებში მცენარეებისა და ცხოველების უპრეცენდენტო მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. მეცნიერებისათვის ცნობილი სახეობების სიაში ყოველი მეათე სწორედ ამაზონის ჯუნგლებში ცხოვრობს.

ამაზონის ჯუნგლები სახლია:

  • 2 მილიონი სახეობის მწერისთვის;
  • 40 000 სახეობის მცენარისთვის;
  • 2 200 სახეობის თევზისთვის;
  • 1 294 სახეობის ფრინველისთვის;
  • 427 სახეობის ძუძუმწოვარისთვის;
  • 428 სახეობის ამფიბიისთვის;
  • 378 სახეობის ქვეწარმავალისთვის;

ფოტო: Travis Isaacs

ნახშირორჟანგი

ადამიანის ქმედებების შედეგად ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით გამოთავისუფლებული ნახშირორჟანგი დედამიწის დათბობას იწვევს. ამაზონის ჯუნგლები კი ამ ტრენდის წინააღმდეგ დედამიწის ერთ-ერთი ბუნებრივი ბუფერული, დამცავი მექანიზმია.

მცენარეები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს ითვისებენ და მას ფოტოსინთეზისთვის იყენებენ, სანაცვლოდ კი ატმსოფეროში ჟანგბადს ათავისუფლებენ. ეს პროცესი, ნაწილობრივ, ადამიანის მიერ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მასიურად გამოთავისუფლების შედეგებს ამსუბუქებს. ტყეების მასიური ჩეხვა და განადგურება, ამ პროცესს დიდ საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ მცენარეების წვისას მათში არსებული ნახშირბადი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის სახით გამოიყოფა, რაც ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს.

ადგილობრივი მოსახლეობა

ფოტო: RICARDO STUCKERT

ამაზონის ჯუნგლების მნიშვნელოვან ნაწილში აბორიგენული მოსახლეობა ბუნებასთან ჰარმონიაში უკვე საუკუნეებია ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლებში 400-მდე სხვადასხვა ტომი და 300-მდე სხვადასხვა ენაა. თითოეულ ტომს უნიკალური კულტურა და ცოდნა აქვს, რომელიც შეუფასებელია. ტომების გარკვეულ რაოდენობას კი გარესამყაროსთან კონტაქტი არასდროს ჰქონია. ამაზონის ეკოსისტემის განადგურებას აუცილებლად მოჰყვება ადგილობრივი მოსახლეობის გაქრობაც. მათ მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და კულტურა კი სამუდამოდ დაიკარგება

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები