ახალი ამბები

რატომ არ ვაკონტროლებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ სისტემას

უპასუხისმგებლო საზოგადოების ადექვატური რეაქცია

    უპასუხისმგებლო საზოგადოების ადექვატური რეაქცია

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ, საქართველოში  “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” კომპანია “გილეადისა” და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

წამლების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა დასახელდა

პირადად ვიცნობ პაციენტს, რომელიც დიდი სურვილის მიუხედავად პროგრამაში ვერ ჩაერთო, ერთ-ერთ მიზეზად ფინანსების არქონა დამისახელა. მაშინვე მოვიძიე ინფორმაცია, იმ პერიოდისთვის (ზუსტი თარიღი არ მახსოვს) C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება – ე.წ.  სწრაფი ტესტი – სავალდებულო და უფასო მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისათვის იყო, ხოლო ამბულატორიული პაციენტებისათვის – ფასიანი.

2018 წლის სექტემბრიდან კი  პროგრამის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამინისტროს გადაწყვეტილებით , C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური ტიპის კვლევის ღირებულებას სახელმწიფო ფარავდა, ასევე პაციენტებისთვის ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები შემცირდა. გარდა ამისა, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაფართოვდა პროგრამის მოსარგებლეთა არეალი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევებს სახელმწიფო  70%-ით აფინანსებდა, რაც აღნიშნული ჯგუფისათვის სპეციალური შეღავათი ადრე არ  მოქმედებდა. თუმცა, როგორც ჩანს ეს სიხლე ვერ “მივიდა” სამიზნე აუდიტორიამდე, ან ის 30 % თანაგადასახადიც არ იყო ხელმისაწვდომი.

პროგრამით  განკურნებულ ადამიანთა სტატისტიკა ნამდვილად ვერ გაამართლებს ნაჩუქარი 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტების გამოუყენებლობის თემას. 

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი, ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გურული ფეისბუქზე აქვეყნებს საჯარო ანალიზს, რომელსაც გთავაზობთ უცლელად.

ვფიქრობ ემიგრანტი ექიმის ნაფიქრალ-ნააზრევს მხოლოდ სასარგებლო და აუცილებელ რეკომენდაციად ჩათვლით და არ “აჰკიდებთ” მას პოლიტიკურ “იარლიყს”

ზურაბ გურული

ამერიკის ფედერალური კლინიკების ქსელი დაახლოებით 1500 საავადმყოფოს მოიცავს. არაერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლე, ჯანდაცვის ადმინისტრაციაში თუ კლინიკურ მედიცინაში, სწორედ ამ ქსელის პირმშოა. მაგალითად, ერთიანი ელექტრონული სამედიცინო აღრიცხვის სისტემა; რითმწარმომქმნელი აპარატის (“პეისმეიქერის”) შექმნა; ღვიძლის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია; ნიკოტინის შემცველი კანზე მისაკრავი პაკეტის შექმნა, მოწევის გადასაჩვევად; ტვინის იმპულსებით რეგულირებადი ხელოვნური, მოძრავი კიდურების შექმნა; შიზოფრენიისა და ალცჰაიმერის გენეტიკური ფაქტორების დადგენა; შტრიხკოდების სისტემის შემოღება პაციენტებისათვის წამლების უსაფრთხოდ მისაცემად; სამი ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინასა და ფიზიოლოგიაში … და ა.შ. … აჩუქა ამერიკას და მსოფლიოს ამერიკულმა სახელმწიფო სამედიცინო სისტემამ. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საზოგადოების და მედიისაგან ყველაზე მწარე კრიტიკას სწორედ ეს სისტემა განიცდის. საკმარისია ამ 1500 კლინიკიან მონსტრში ერთი კლინიკის ერთმა თანამშრომელმა შეცდომა დაუშვას, რომ მეორე დღეს ეს მთელმა ამერიკამ იცის და დაუნდობლად “ღეჭავენ” მთელ სისტემას. მერე ამ შეცდომის საფუძველზე იქმნება ახალი პროტოკოლები, უსაფრთხოების კონტროლის ახალი სისტემები და ინიშნება ახალი ხელმძღვანელები.
ერთხელ გულდაწყვეტით ვიკითხე, რას ერჩიან ამ ბრწყინვალე სისტემას, რომელიც არაერთ პარამეტრში ბევრად აღემატება გაპიარებულ კერძო სექტორს მეთქი. – ეს ხალხის ფულით დაფინანსებული სისტემაა და ამიტომ ხალხი უმკაცრესად აკონტროლებს, რომ არ გაიხრწნან ქება-დიდებითო, ამიხსნეს ღიმილით. დავფიქრდი …
საყოველთაო ჯანდაცვამ ფინანსური შავი ხვრელი გააჩინა ღარიბი ქვეყნის ღარიბ ბიუჯეტში; მაღალტექნოლიგიური მედიცინის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა; პირველადი დახმარების დაფინანსებაც სათუო გახადა; პრევენციული მედიცინა პრაქტიკულად ნოლის დონეზე დატოვა; რეცეპტების რეფორმა ჩააფლავა; სასწრაფო დახმარების სისტემა მოშალა და ვერ განავითარა; უამრავი არასაჭირო და ჯანმრთელობისათვის პოტენციურად მავნებელი სამედიცინო ჩარევა განახორციელა; ყველაზე ძვირფასი საერთაშორისო სამედიცინო პროექტი 35% იანი ეფექტურობით შეასრულა …
და როგორია ამაზე ქართული საზოგადოების და ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდი ნაწილის რეაქცია?
– ვაიმე, ეს პროგრამები უამრავ ადამიანს დაეხმარა და რა სიბანძეა ამ თემებით სპეკულირება; ვაიმე რა უტაქტობაა; რაც შეეძლოთ, გააკეთეს და მეტი რას ელოდით -.
არც არაფერს არ ველოდით 🙂
იმიტომ რომ სწორედ ეს არის უპასუხისმგებლო საზოგადოების ადექვატური რეაქცია მათ მიერვე შექმნილ ფსევდოსახელმწიფოებრივი სისტემის ფაფხურზე, რომელიც უსასრულოდ გააგრძელებს იმავე დონეზე არსებობას შეუცვლელი სახით.

იხილეთ: https://www.facebook.com/zurab.guruli/posts/10222113372651900

 

 

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები