ახალი ამბები

რატომ არ მუშაობს “112”

შედის თუ არა "112"-ის კომპეტენციაში ეპიდემიის დროს ჩვენი დახმარება?!

 

რატომ არ მუშაობს გადაუდებელი დახმარების ცენტრი “112” კოორდინირებულად შესაბამის უწყებებთან

მაია ცომაიას ბლოგი

შეგახსენებთ, 2012 წელს, საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა “112”, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, რომლის მიზანია უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

27 მარტს, 1 წლის აკა მათითაშვილის (ორი კვირის წინ გადაიტანა მწვავე ბრონქიტი) ოჯახმა გამოიძახა “112” – სიმპტომებით: სიცხე  38 ° C, გაძნელებული სუნთქვა. 

სამედიცინო ბარათი 621- 27.03.20

გვესაუბრება მარი ნიკოლოზაშვილი – რადიო საქართველოს ხმა  FM 107. 9  (აკას ბებია)

-ჩემი ქალიშვილი, როგორც მოქალაქე და ორი შვილის დედა, ემორჩილება მოწოდებულ საყოველთაო წესს – დარჩი სახლში! ამის გამო, პირველ რიგში, დავუკავშირდით დასახმარებლად 112-ს, თორემ შეგვეძლო პედიატრთან თავად წაგვეყვანა. ვფიქრობდი, გადაუდებელი დახმარება კოორდინირებულად მუშაობდა ეპიდემიის დროს შესაბამის სამსახურებთან (მოვიაზრებ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს) და უკეთ დაგვაკვალიანებდა.

-პირველ რიგში მაინტერესებს, სათანადოდ თუ იყო ეკიპირებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა?

-არანაირი ეკიპირება, მხოლოდ პირბადეები, სახლში შემოსვლისთანავე ბახილებიც ჩვენ ჩავაცვით. ბავშვს სიცხეც საკუთარი თერმომეტრით გავუსინჯეთ, არც ფილტვის მოსმენას გეგმავდნენ, სანამ თავად არ მივუთითეთ. დღეს, ყველას აშინებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, მსუბუქი ხველაც კი, და რა თქმა უნდა, აღნიშნული სიმპტომებით სასურველი იქნებოდა ახალი კორონავირუსის იდენტიფიცერება-გამორიცხვა. ვიკითხეთ ტესტზე, რაზეც სრულიად გაუგებარი პასუხი ჰქონდათ, თურმე, ჩვენ უნდა დაგვერეკა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და იქ გაგვეგო არსებულის თაობაზე!

მაქვს კითხვა, ჩვენ, მოქალაქეებმა რატომ  უნდა დავრეკოთ დაავადებათა კონტროლის ან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, ან რატომ არ მუშაობს გადაუდებელი დახმარების ცენტრი “112” კოორდინირებულად ხსენებულ უწყებებთან. ვის იმედად ვართ მოქალაქეები?! მაქვს განცდა იმისა, რომ “112”-ის კომპეტენციაში სრულიად არ შედის ჩვენი დახმარება ეპიდემიის დროს! არც მათი იმედი უნდა გვქონდეს! 

პს.  “112”-ის ძირითადი ფუნქციაა გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება,შეფასება და დახმარების მართვის მიზნით უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები