ახალი ამბებიგანათლებასაზოგადოება

ქართულის ეროვნულ გამოცდაში უმაღლესი შედეგის მქონე აბიტურიენტმა გერმანიის უნივერსიტეტშიც ჩააბარა

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან ამჯერად ქართულის შედეგები გამოქვეყნდა. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, რამდენმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი, 70 ქულა, მაგრამ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ანამარია ქორიძე ერთ-ერთია (თუ არა ერთადერთი), რომელმაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე 70 ქულა აიღო.

ანამარია ამბობს, რომ ტესტი ცუდად არ დაუწერია, თუმცა ამხელა შედეგს არ ელოდა.

„ვფიქრობდი, რომ 60 ქულაზე მეტს ავიღებდი, მაგრამ ამდენს არ ველოდი ნამდვილად. არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად სწორად წავიყვანე მსჯელობა, რამდენად ადეკვატური მაგალითები მოვიყვანე. ან გიმართლებს ან არა! მე მგონი, რომ ძალიან გამიმართლა. ძალიან კარგი თემები შემხვდა“, – აღნიშნა ანამარია ქორიძემ.

როგორც ის ამბობს, ძალიან მოეწონა ესეს თემა და მხატვრული ანალიზი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „საქმე“. ანამარია გვიყვება როგორ მივიდა ამ შედეგამდე.

„ესე მქონდა თავისუფლებაზე, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შეგნების გარეშე. მე პირად პასუხისმგებლობასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ერთობლივად გავამახვილე ყურადღება. თუ სახელმწიფო არ გიქმნის პირობას, ვერ იქნები თავისუფალი ვერც შინაგანად. თემა შემხვდა ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „საქმე“. კარგი ტექსტი იყო. მესამე ვარიანტი ვიყავი. 21-ე საჯარო სკოლაში ვსწავლოდი. პირველი მიწერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და მეცნიერების ფაკულტეტი, მაგრამ აქ არ ვაბარებ. მივდივარ.

„ჩაბარებული მაქვს გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ქართულში ვემზადებოდი ერთი წელი, ჩაგდებებით. გერმანულის გამოცდა მქონდა და რაღაც პერიოდი უბრალოდ ვერ ვიარე მასწავლებელთან. რეპეტიტორს დიდი დამსახურება მიუძღვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი სკოლის მასწავლებელმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. ვაპირებდი საქართველოში სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გვიან გავიგე, რომ გერმანიაში ჩავაბარე და აღარ დავანებე ეროვნულ გამოცდებს თავი. ტყუილად ხომ არ ვიწვალე მეთქი და ყველაზე გამოცდაზე გავედი“, – გვითხრა ანამარიამ.

თუ რატომ აირჩია გერმანიაში მაინცდამაინც ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტი, ანამარია ამბობს, რომ ბევრი ინტერესის სფერო ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე გამოდიოდა, რომ ყველაფრის ლიტერატურასთან დაკავშირება შეიძლებოდა, ამიტომ გერმანიაში სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტა სწავლა.

„გარდა ინტერესისა და ლიტერატურის სიყვარულისა, მგონია, რომ ძალიან საჭიროა ლიტერატურა. გარდა იმისა, რომ პიროვნულად დამეხმარება ბევრი სირთულის გადალახვაში, მგონია, რომ არ არის უფუნქციო პროფესია. არ გვყავს ბევრი ლიტერატურათმცოდნე, მაგრამ რამდენად დაფასებულები არიან, ვინც გვყავს, ეგეც საკითხავია. იქნებ ისე ვისწავლო და ისე შემიწყონ ხელი გერმანიაში, რომ წავადგე აქაურობას“, – ამბობს ანამარია ქორიძე.

ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტს, ბუნებრივია, საყვარელი მწერლების შესახებაც ვკითხეთ.

„ეგაა ჩემთვის ყველაზე რთული კითხვა, რადგან მოვყვები ხოლმე და ყველას ვასახელებ, ვინც მიყვარს. ქართული ლიტერატურა ძალიან მიყვარს, ყველა დროის. თანამედროვე ლიტერატურაც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, საკმაოდ დაუფასებელია.

ეპოქების მიხედვით მყავს საყვარელი მწერლები. მეთვრამეტე საუკუნემდე შოთა რუსთაველი მიყვარს, მცხრამეტეში – ვაჟა, მეოცეში – ქარჩხაძე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო მეოცე საუკუნეში გამორჩეული, ჯემალ ქარჩხაძე მომწონს. თანამედროვე მწერლებიდან ბესიკ ხარანაული მიყვარს ძალიან. უცხოელებიდან პოლ ოსტერი. ამერიკელი მწერალია, ძალიან საჭირო რაღაცეებს ეხება, ჩემი აზრით. ასევე ძალიან მიყვარს სილვია პლაცი და მე მგონი დავაკომპლექტე ჩემი შვიდეული“- აღნიშნა ანამარიამ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები