ახალი ამბებიპოლიტიკასამართალი

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს

პიროტექნიკის გაყიდვის და გამოყენების რეგულაციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებით ცვლილებები შევიდეს. აღნიშნულის საჭიროებაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც ხდება ისეთი პიროტექნიკის გაყიდვა, რომელიც სტანდარტს არ აკმაყოფილებს და შემადგენლობაც არ არის ცნობილი. გარდა ამისა, მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ ფოიერვერკის გაშვებისთვის სპეციალური ადგილებია განსაზღვრული.

„უსაფრთხოების წესების დაცვა პიროტექნიკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია და კანონპროექტი დაჩქარებული წესითაც კი გაგვაქვს, რომ ახალ წლამდე მოვასწროთ მისი განხილვა, ვიდრე მასიურად დაიწყება პიროტექნიკის გაყიდვა. თუმცა, ვთვლი, რომ ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს შემდეგაც. პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენებისას არა მხოლოდ არასრულწლოვნებზე უნდა ვიფიქროთ, არამედ ზრდასრულებზეც. სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც ხდება ისეთი პიროტექნიკის გაყიდვა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, შემადგენლობა არ არის ცნობილი. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს დარეგულირებულია და მათ შორის ადგილებიც კი არის, სადაც შეიძლება მოხდეს ფოიერვერკის გაშვება. პატარა ზომის პიროტექნიკაზე სულ სხვა რეგულაციაა და გაცილებით უფრო რთული და საფრთხის შემცველ პიროტექნიკაზე, სხვა რეგულაცია. ახალი წელი გავა, თებერვლიდან ისევ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება და ამაზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები