ახალი ამბებიპოლიტიკა

ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა გადაწყვიტეს, მორიგი შოუ მოაწყონ

საბჭო, მოსამართლე წევრები და ეს „კლანი“ უვადო დანიშვნების სისტემას იყენებს თავისი ძალაუფლების გაძლიერებისთვის და არა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს გასვლითი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“დღევანდელი სხდომა, რომელიც ტარდება საქალაქო სასამართლოში შეთანხმებული არ ყოფილა ჩვენთან, ეს გადაწყვიტეს მოსამართლე წევრებმა, რომ მოეწყოთ კიდევ მორიგი შოუ. ჩვენ ვნახეთ, რომ მოსამართლეთა ბოლო კონფერენციაზე საზოგადოებას მოსამართლეებმა აჩვენეს, როგორი უნდა იყოს მოჩვენებითი ერთიანობა. მე მიმაჩნია, რომ ამგვარი კამპანიური სახის ღონისძიებებს სასამართლო აორგანიზებს და უპირისპირებს საზოგადოების მთავარ ინტერესს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და “არა კონკრეტული კლანის.”

“ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხი და არა კონკრეტული „კლანის“ თუ რამდენიმე ადამიანის. დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, მის ნებას. მთავარი აქ ის არის, რომ უვადო დანიშვნები ვერ უძლებს კრიტიკას და ჩვენ ვნახეთ, ბოლო დროს როდესაც დაინიშნა ლევან მურუსიძე, როგორ მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება- ფორსირებულ რეჟიმში, გასაუბრების დღესვე ჩაატარა კენჭისყრა. საბჭო, მოსამართლე წევრები და ეს კლანი უვადო დანიშვნების სისტემას იყენებს თავისი ძალაუფლების გაძლიერებისთვის და არა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის. სისტემა , რომელიც არის ძალიან დემოკრატიული აღმოჩნდა, რომ „კლანმა“ გამოიყენა თავის სასარგებლოდ”, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close