ახალი ამბები

მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია-იცნობდეთ გმირებს!

                                     ეს იყო ქართული ალპინიზმის დიდი გამარჯვება 

                                                       იცნობდეთ გმირებს

მაია ცომაიას ბლოგი

ზუსტად 20 წლის წინ პირველად საქართველოს ისტორიაში , 1999 წლის 12 მაისს მსოფლიოს უმაღლესს მწვერვალზე ევერესტი-ჯომოლუნგმა სიმაღლე 8848 მ , ქართული დროშაც აფრიალდა ბენო ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ექსპედიციის წევრებმა – აფი გიგანმა, ბიძინა გუჯაბიძემ და ლევონ სარქისოვმა “ცის მბრძანებელი” სამხრეთიდან დალაშქრეს.

 ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი-ალპინისტი. 100-ზე მეტი ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანზე და სხვა მასივებზე. ქართველ ალპინისტთა შორის პირველმა შეასრულა “7 მწვერვალის” პროგრამა. 1999 წელს ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა. დაპყრობილი აქვს ლენინის, კრჟენევსკის, გამრჯვების პიკები, ლჰოცზე და სხვა უმაღლესი კატეგორიის მწვერვალები. საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

-როცა ამ სიმაღლეზე ადიხარ ქარსა და ყინვაში, თან გზად უამრავი კოლეგის გვამს ხედავ, ცხადია, ფსიქოლოგიურად დათრგუნული ხარ, მაგრამ გაქვს მიზანი და მის მისაღწევად არაფერს იშურებ. 5300 მეტრზე, საბაზო ბანაკში ყოფნისას, იტალიელი და ესპანელი კოლეგები გავიცანით. ერთ-ერთმა ეჭვით შეხედა სარქისოვს და ასაკი იკითხა. რომ გაიგო, 60 წლის იყო, შენ აპირებ ჩვენი რომან ბლანკოს რეკორდის მოხსნასო? – ჰკითხა. მერე მე დამენაძლევა, თუ ეს კაცი ევერესტზე ავა და რეკორდს მოხსნის, მთელ ყუთ ვისკის ვკისრულობო.

ეს იყო 20 წლის წინ, პირველ მაისს. ხუთი დღის შემდეგ 6100 მეტრზე ხუმბუს ყინულვარდნილზე დავეცით კარავი, მერე – 6400 და 7600 მეტრზე. ჩვენდა საბედნიეროდ, კარგი ამინდი იყო და დიდი სირთულე არ შეგვხვედრია. საიერიშო კარავი 8000 მეტრზე დავდგით. ჩვენ გარდა, კიდევ სხვადასხვა ქვეყნის 12-იოდე ალპინისტი აპირებდა მწვერვალზე ასვლას. 12 მაისს, ღამის 3 საათზე გავედით ბანაკიდან. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ვჩქარობდით, რომ რაც შეიძლება, მალე გაგვევლო 848 მეტრი, მაგრამ 2 საათის შემდეგ ისეთი ქარი ამოვარდა, რომ ხილვადობა ჭირდა.

8500 მეტრზე ქედის ძირას გავჩერდით და ყინულოვან თოვლში სანგრები ამოვთხარეთ, რომ ქარისგან სახე დაგვეცვა. ქარი არ ჩერდებოდა. სამი ამერიკელის გარდა, ყველა ექსპედიცია საბაზო ბანაკისკენ დაეშვა. ამ დროს აფის და ბიძინას ხმა მოგვესმა – თუ არ ვიმოძრავებთ, გავიყინებითო. მე და ლიოვაც მივყევით. მალე მზეც ამოვიდა და ქარიც მიწყნარდა. შუადღისთვის მწვერვალზე ვიყავით და ჩვენი სამფეროვანი დროშაც ავაფრიალეთ. ეს ქართული ალპინიზმის დიდი გამარჯვება იყო.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები