ახალი ამბები

მარი ნიკოლოზაშვილი: სახელმწიფოს, რომელშიც მილიონი ადამიანი ბინიდან გამოსახლებულია, უეჭველი კატასტროფა ემუქრება!

 

ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობების ტალღა დაიწყო. 7 დეკემრიდან კარვები უკვე სახელმწიფო კანცელარიის წინ გაიშალა. ამჯერად, 20 წლის განმავლობაში მევახშე ბანკების მიერ დაკაბალებულ, საცხოვრებელწართმეულ მოქალაქეებს ამოეწურათ მოთმინების ფიალა, ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობის “ჩვენ” ლიდერმა, რადიო “საქართველოს ხმის” მფლობელმა და მმართველმა მარი ნიკოლოზაშვილმა:

– საქართველოში ბანკების მიერ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საკუთარი სახლებიდან უკვე ასეულათასობით ოჯახია გამოსახლებული და ეს შემზარავი პროცესი კვლავაც გრძელდება. როგორც ჩანს, ქვეყანაში მიზანმიმართული პოლიტიკა ხორციელდება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის გაღატაკებას ითვალისწინებს, რათა შემდეგ ისინი ადვილად მართონ, ან სულაც, იძულებული გახადონ, რომ ამ ქვეყნიდან აიბარგონ და მათ ნასახლარზე სხვა დასახლდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩვენ” ეგიდით, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, დაზარალებულმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია დავიწყეთ, რათა გამოსახლებულების მდგომარეობის შემსუბუქებას მივაღწიოთ, ხოლო გამოსასახლებლად განწირულები ამ მძიმე ხვედრისგან დავიხსნათ. მოსახლეობის ეს კატეგორია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში სრულიად დაუცველია! აქცია უკვე 10 დღეა მიმდინარეობს. მონაწილეთა სახელით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და მმართველი პარტის – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოვითხოვთ.

– რამ განაპირობა ამდენი ადამიანის საცხოვრებლიდან გამოსახლება?

– საქართველოში დანერგილმა საბანკო-სამევახშეო სისტემამ! მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში გაჭირვებამ დაისადგურა, ადამიანები იძულებულები გახდნენ, ოჯახების სარჩენად საცხოვრებელი სახლები იპოთეკით დაეტვირთათ და ბანკებიდან საკმაოდ მაღალი პროცენტებით ვალები გამოეტანათ. იმედოვნებდნენ, რომ ბიზნესს ააწყობდნენ და დააბრუნებდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვეღარ შეძლო ამ ვალის გადახდა. ბანკებმა კი, ისარგებლეს ადამიანების გაჭირვებით, ასევე, გარემოებით, რომ ხელისუფლების მიზანმიმართული წაყრუების ფონზე, არ არსებობდა კანონი, რომელიც ამ ბანკების დაუცხრომელ მადას საზღვარს დაუდებდა და მოსახლეობის სოციალურაი დაცვის მიზნით გარკვეულ ბერკეტებს შექმნიდა. ამასობაში, ვალებს პროცენტი დღითიდღე ემატებოდა და ბოლოს ბანკებმა ეს წვრილშვილიანი ოჯახები დაუნდობლად გამოასახლეს სახლებიდან! დიდი ნაწილი საერთოდაც, ღია ცის ქვეშ დარჩა, ნაწილი ნათესავებს შეეკედლა, სხვები კი, დღემდე მდგმურად ცხოვრობენ და ოჯახის რჩენასთან ერთად, ყოველთვიური ქირის გადახდას ვერ აუდიან. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ ადამიანების ბედზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, არადა, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი გაეროს კონვენციაზე, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ოჯახები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგეს ჭერი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი ალტერნატიული საცხოვრისით, რომელიც ამ ოჯახებისთვის აუცილებელ გარემო პირობებზე იქნება მორგებული, როგორშიც აქამდე ცხოვრობდნენ და ელემნტარული საყოფაცხოვრებო კომფორტიც იქნება გათვალისწინებული! ამ ადამიანების გაუბედურებაში წვლილი მიუღვით “თიბისი” ბანკს, “საქართველოს ბანკს” და საქართველოში ყველა დომნანტ სხვა ბანკებს, რომლებიც საზღვარგარეთის ფონდებიდან იმართებიან. მათ საქმიანობაზე წესით, საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა იყოს პასუხისმგებელი.

– ოფიციალური სტატისტიკა თუ არსებობს, რამდენი ადამიანია გამოსახლებული?

– იმდენად ბევრია, რომ ხელისუფლებას არ აწყობს რაოდენობის გამოცხადება. ჩვენმა ორგანიზაციამ ამის დადგენის მიზნით მიმართა სასამართლოს, აღსრულების ბიუროს და იუსტიციის საბჭოს, მაგრამ ყველგან გვიპასუხეს, რომ სტატისტიკას არ აწარმოებენ. ჩვენ მიახლოებით დავიანგარიშეთ და მასშტაბებით შეშფოთებულები აღმოვჩნდით! არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ “თიბისი” ბანკს აღსრულების წესით უკვე გადაფორმებული აქვს 200 ათასი ერთეული კაპიტალი, ხოლო “საქართველოს ბანკს” 300 ათასი ერთეული კერძო საკუთრება! ანუ, გამოდის, რომ ნახევარი მილიონი ერთეული კაპიტალი აღსრულების წესით არის კერძო სექტორიდან გადაფორმებული ბანკების მიერ. თუ ვივარაუდებთ, რომ თითო ასეთი ადამიანის უკან მინიმუმ 3 ოჯახის წევრი მაინც დგას, დაზარალებულთა რაოდენობა შემაშფოთებელია. მართალია, ამ ნახევარი მილიონიდან ყოველი მათგანი ბინიდან არ გამოუსახლებიათ, ზოგს რაღაც სხვა საკუთრება ჩამოართვეს და გაუყიდეს, მაგრამ მათ შორის ბინადაკარგულთა რაოდენობა მაინც ძალიან ბევრია და მილიონს აღწევს! სახელმწიფოს, რომელშიც მილიონი ადამიანი ბინიდან გამოსახლებულია, უეჭველი კატასტროფა ემუქრება! მოძრაობა “ჩვენ” მოითხოვს, სახელმწიფომ შექმნას სტატისტიკა და მოსახლეობას აცნობოს, ოფიციალურად, რამდენი ადამიანია გამოსახლებული ბინებიდან. უკვე გამოსახლებულების პარალელურად, უამრავ ოჯახს უახლოეს მომავალში ემუქრება გამოსახლება – მათი საქმეები ზოგის – სასამართლოში, ზოგის კი, უკვე აღსრულებაშია გადაცემული. მარტო ბანკების მხრიდან კი არა, კერძო მევახშეების მხრიდანაც უამრავი დაზარალებული ადამიანი არსებობს.

– კი მაგრამ, მოქალაქემ ბანკიდან ან კერძო პირისგან ნასესხები თანხა არ უნდა დააბრუნოს?

– აუცილებლად უნდა დააბრუნოს. არც ერთი ბენეფიციარი და მევალე თანხის დაბრუნებაზე უარს არ ამბობს! მაგრამ აქ საუბარია უზარმაზარ პროცენტებზე, რის გამოც ამ ხალხმა ბინები დაკარგეს. მაგალითად, ასობით ათასი ადამიანია, ვინც ბინა ჩადო 5 ათასად და პროცენტის სახით კერძო მევახშისთვის ან ბანკისთვის უკვე გადახდილი აქვს 25-40 ათასი, მაგრამ ძირი თანხა არ დაუფარავს და ამის გამო, აღსრულება ბინიდან ასახლებს, დამატებით, ვალშიც ტოვებს! სხვადასხვა მევახშე სხვადასხვა პროცენტს უწესებდა ამ საცოდავ ადამიანებს – ზოგი თვეში 500 დოლარს უხდიდა, ზოგი – ათასსს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ პროცენტი და გამსესხებლები ძირი თანხის დაბრუნებასაც მოითხოვდნენ – ამით აკაბალებდნენ მსესხებლებს! ამგვარად, მოქალაქეები ძირითადად, რაიონებში კარგავდნენ საცხოვრებელს, მარტო სახლს კი არა, ეზოს და ნაკვეთებს! ასეთი დაზარალებულები ძალიან ბევრი, განსაკუთრებით, კახეთის რეგიონიდან გვაკითხავენ. მათი სახლები გამოკეტილია და მევახშეებს აქვთ გადაფორმებული. ზოგი, სახლს არ თმობს, მევახშეებს ეწინააღმდეგება, გამოსახლების შემდეგ თავის სახლში ისევ იჭრება და ციხეშიც კი სვამენ ამის გამო.

– ვინ არის კანცელარიასთან გამართული კარვების აქციის ორგანიზატორი?

– აქცია წამოვიწყეთ მოძრაობა მე, მამისა ჯაფარაშვილმა, ალექსანდრე კობაიძემ, ანა მაჩალაძემ და ილია ლობჟანიძემ, რომლებმაც ამ მიზნით დავაფუძნეთ მოძრაობა”ჩვენ,” რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო აქტივისტები. ეს მოძრაობა დაგვიკვეთა და მის მხარდამჭერად მოიაზრება ასეულობით ათასი საცხოვრებელდაკარგული მოქალაქე. მევახშეებისგან დაზარალებულთა ანალოგიური აქციები ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთშიც იწყება. ეს არ გახლავთ შიმშილობა, არამედ არის მჯდომარე, პერმანენტული აქცია, რომელშიც თავად დაზარალებული მოქალაქეები რებულობენ მონაწილეობას. ყოველ საღამოს, 5 საათზე საინფორმაციო შეკრება იმართება.

– კონკრეტულად, რა მოთხოვნები დგას?

– 1. ხელისუფლებამ აღიაროს და ქვეყანაში იპოთეკური კრიზისის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადოს; შესაბამისად, დააწესოს ორწლიანი მორატორიუმი ბანკების მიერ ოჯახების ბინებიდან გამოსახლებაზე. 2. სასწრაფოდ შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენს ქვეყანაში 15 წლის განმავლობაში არსებულ საბანკო-საკრედიტო-საფინანსო პოლიტიკას, რომლითაც უხეშად დაირღვა ადამიანების ფუნდამენტალური უფლებები და შეფასებას მიეცეს ამ პოლიტიკას. კომისიაში შეიყვანონ სამოქალაქო საზოგადოებიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. 3. შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, საიდანაც მოსახლეობა შეძლებს დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების აღებას მცირე და საშუალო ბიზნესის წამოსაწყებად; 4. შეიქმნას ფონდი, საიდანაც შესაძლებელი გახდება კერძო მევახშეებისთვის ვალის თანხის ძირის გასტუმრება, რადგან მევახშეობამ მოსახლეობა ერთმანეთს დააპირისპირა. ფონდის ხელმძღვანელად ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატი დაინიშნოს. კანცელარიასთან კარვების აქცია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება, ხოლო თუ ხელისუფლება უარს გვეტყვის, ასეულათასობით საცხოვრებელწართმეულ, ქუჩაში დარჩენილ მოქალაქეს ერთბაშად აიმხედრებს და პროტესტი გაცილებით მძაფრ ფორმებში გადაიზრდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები