ახალი ამბებისამართალი

ლევან კობერიძე – მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განუცხადა. მისი თქმით, უმრავლესობასთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არსებობდეს.

“იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ პროექტს ექნება პოზიტიური გამოხმაურება. არ მიღების შემთხვევაში პირადად მე არ ვაპირებ უმრავლესობის დატოვებას, ვაპირებ უმრავლესობასთან ერთად ყველაფრის გაკეთებას, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანი სასამართლო მივიღოთ”, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება კითხვას, დატოვებენ თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია და მისი მომხრე სხვა დეპუტატები, კობერიძის თქმით, მას ამაზე ბესელიასთან არ უსაუბრია. “საჯაროდ როგორც ვიცი, ეკა ბესელიას მხრიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. რაც შეეხება პირად საუბრებს, აღნიშნულზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 იანვრამდე გადადების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტს ეკა ბესელიამ წარუდგინა. აღნიშნულს ხელს 9 დეპუტატი, მათ შორის ლევან კობერიძე აწერს. კანონპროექტმა დაჩქარებული წესით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტერზე გაიარა, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. სავარაუდოდ, აღნიშნულზე, დეპუტატები ხვალ იმსჯელებენ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები