ექსკლუზივიკულტურა

„კაციჭამია“ სენმა ქალაქი შეიპყრო

გოგონა ვარდისფერი ქუჩიდან - „რწმენა ნუგეშად რომ არ გვქონდეს, ცხოვრება მეტად მწუხარე იქნებოდა“. წერილი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტ – ნინი თურმანიძის წერილი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

მაია ცომაიას ბლოგი

ალბათ დაგინახავთ პატარა, მეოცნებე გოგონა ვარდისფერი ქუჩიდან, სარკმლიდან გადმოკიდებული და ფიქრებით გატაცებული აგატას წიგნებით, ის არც გამომძიებელია ან რამე სხვა, რომელსაც მოსწონს ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ყურება, როგორც ქუჩებში მოზუზუნე მანქანების თვალიერება. აკვირდება ადამიანების ბედნიერ და მოწყენილ სახეებს, უყვარს წვიმაში სეირნობა, კლასიკური მუსიკა და ახალი გამოწვევები, პლედში გახვევა და აივანზე ჭიქა ღვინით გამოთრობა. დაუსრულებლად წერა ადამიანებსა და სამყაროზე… პატარა ბავშვივით გიჟდება ფერადი ბამბის ქულაზე, რომელსაც ბაბუ გზად ჩამოატარებს ხოლმე. მას საკუთარი ყვავილების მაღაზია ექნება, იმუშავებს პრესაში. იფიქრებ, ზედმეტად მეოცნებეაო. ჰო, მეოცნებეა, ყველამ იცის ამ ქუჩაზე…

დღეს მისი ვარდისფერი ქუჩა დაცარიელდა, მზისფერი ქუჩა „კაციჭამია“ სენმა შეიპყრო, ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, ახსოვს ის დღე, ვირუსმა ყველაფერი რომ შეცვალა, ერთნაირად არია და გააფერმკრთალა უწინდელი დღეები. დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, გადაიდო სწავლაც, წამლისა და საკვების დაუსრულებელი რიგები, შეშინებული ლურჯ პირბადიანი ადამიანები. უწინდელ მზიან ქალაქს, კორონა ქალაქი შეარქვა, ფერადსა და ნათელ ქვეყანას ოცნება წაართვა, ხალხს იმედი, ადამიანებს მეგობრები…… და, მეოცნებე გოგო სადაა? -ის არ კარგავს იმედს, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ხალხი აღარ იცინის, ქუჩებმაც მიიძინეს, მისი სახლიდან ფერადი ცისარტყელა არ მოჩანს და ვერც ბაბუას ამჩნევს „ბამბის ნაყინს“ რომ გაიძახის ხოლმე, ვერ ხედავს ბავშებს, რომლებიც ამ ქუჩას სიხალასით აავსებდნენ ხოლმე. ეს გოგო გაიზარდა, მაგრამ მაინც ერთობა ბავშვური თამაშებით. ეჰ, რა კარგი ყოფილა დახუჭობანა… ენატრება მეგობრები, ბიბლიოთეკა და მისი საყვარელი ადგილი, ის შოკოლადის კრუასანი, რომელსაც ხშირად, პირველი კორპუსის ეზოში, მიირთმევს ყავასთან ერთად, ცოცხალი ურთიერთობები და ადამიანების გაბედნიერება. გადაწითლებული ცხრილით, პირველი კორპუსიდან მეხუთეში, დაუღლელად მორბენალს ხედავენ ხოლმე… უყვარს სიცოცხლე, ის არ ჩერდება. ძნელია წერო იმაზე, თუ რას განიცდი. დიახ, მასაც შენსავით უნდა დარჩენა…

ჰეი, სალამი. ჰო, ჰო შენ გეუბნები, მე ნინი ვარ ვარდისფერი ქუჩიდან. მჯერა ყველაფერი გაივლის, მინდა ისევ იცინო და ამ ვითარებას ცოტათი პოზიტიურად შეხედო, ჩემი ცხოვრებაც აირია, ვერც საყვარელ ადგილებში მივდივარ, ვერც მონატრებულ ადამიანებს ვნახულობ, რომლებიც დაუსრულებლად მენატრებიან. ვირუსმა პანიკური შიში გამოიწვია ჩემში-თქო ვერ ვიტყვი, ვფიქრობ, ასეთ დღეებშიც შეიძლება გამოსავლის პოვნა. ბავშვობიდან თავისუფლად და ლაღად ვურთიერთობ ადამიანებთან, ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების სითბო და ჩახუტება დამაკლდა. კორონამ დედამიწა შემოაბრუნა, საათმაც წაღმა დაიწყო ტრიალი, მოვხვდი ბუფერულ ზონაში, სადაც მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ, ვერც უნივერსიტეტში დავდივარ. დარწმუნებული ვარ შენც ჩემსავით მოგბეზრდა ოთხკედელში გამოკეტვა. მშობლებმა ჩემი სოფელში გაშვება გადაწყვიტეს, აქ შედარებით უსაფრთხოდ ვარ, ვუვლი ჩემ საყვარელ პაპას, ვანებივრებ გემრიელი კერძებით, ვიცი რომ ბედნიერია. „დიდი სახლის პატარა დიასახლისობაც“ შევითავსე, ვიცლი სწავლისთვისაც, აქტიურად ჩავერთე ონლაინ სწავლებაში და ვმეცადინეობ ყოველდღე. სიმართლე გითხრა, სისტემა ნამდვილად სწრაფად და გამართულად მუშაობს, თუმცა, სავსე და ახმაურებულ უნივერსიტეტს არაფერი შეედრება. ჰო, კიდევ ერთი ჩვევა უნდა გაგანდო, არ მიყვარს უსწავლელად დაძინება, კონსპექტების რიგი, მაღლივის საგამოცდო ციებ-ცხელება და ამოღამებული თვალებით სიარული. არ მიყვარს ტელევიზორის ყურება, ვთვლი წიგნების კითხვა უფრო პროდუქტიულია, ზედმეტ პანიკაში გვაგდებენ საინფორმაციოები. ვირუსმა ჩამიშალა გერმანიაში წასვლის გეგმებიც, იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემს კორონა ქალაქში მზე ისევ სხვანაირად გაანათებს, ნაცრისფერი დღეები ფერადი და კაშკაშა დღეებით ჩანაცვლდება, ისევ დავსველდები წვიმიან ქუჩებში, ისევ დავინახავ სიყვარულით შეპყრობილ მოსეირნე წყვილებს, თავისუფლად გავშლი ხელებს, დავიჭერ ხალხის კეთილ მზერას, რომელიც თვალებში ვარსკვლავებს ამითამაშებენ. ჰო, ამ ვირუსმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, ცოტაც დამასევდიანა.

თუ ამას კითხულობ, მინდა იცოდე, რომ მეც შენსავით მარტოსულად ვგრძნობ თავს, ნეტა ჩემი დასნეულებული ქალაქი მალე განიკურნება? ხომ იცი, სასწაულები ხდება, მთავარია შენც ჩემსავით დაიჯერო. მე ხშირად ვუყურებ ვარსკვლავებს და ბევრს ვფიქრობ ყველაზე, ამიტომ მჭირდება შენი ღიმილიც, ეს ჯაჭვი რომ არ დაირღვეს. დარჩი სახლში ცოტახნით, ესეც მალე გაივლის… „რწმენა ნუგეშად რომ არ გვქონდეს, ცხოვრება მეტად მწუხარე იქნებოდა“, მალე ქუჩები კვლავინდებურად ახმაურდება, მალე ერთმანეთს ჩავეხუტებით.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები