ახალი ამბებიპოლიტიკა

კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა სამხარაძე წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა სამხარაძე წარადგინა.

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კახა სამხარაძეს თვითმმართველობაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„რამდენიმე თვეა, სამგორის რაიონი გამგებლის კანდიდატურის გარეშე იყო. შესაბამისად, მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას და კერძოდ, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს წარვუდგინო მათი ახალი გამგებლობის კანდიდატი – კახა სამხარაძე. ის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იყო ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში და აქვს თვითმმართველობაში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ სამგორის რაიონში გვაქვს დაგეგმილი, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა გამგებლობის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა, კახა სამხარაძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ მის კანდიდატურას საკრებულოში გადავგზავნით დასამტკიცებლად და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება. შემდეგ უკვე შევუდგებით საქმიანობის იმისთვის, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც სამგორის მოსახლეობას აწუხებს, შევძლოთ და ღირსეულად განხორციელებული პროექტებით, გაკეთებული საქმეებით ვუპასუხოთ. პრობლემები არსებობს და ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა გამგეობების ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქის მოსახლეობისთვის აკეთებენ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები