ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: ნაციონალურ მოძრაობას არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის ოლქში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ეხმაურება. მის განცხადებას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ. გეგა შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა კიდევ 2 საათი და ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ ასეთი აქტიურობა.

სწორედ ეს არ დაუტოვებს შანსს ჩვენს ოპონენტებს მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას არ დაუშვებენ ზუგდიდელები. არეულობა და დესტაბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება.

დარწმუნებულები ვართ, ნამდვილი დამკვირვებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ შეაფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გამაოგნებელ, პროვოკაციულ, დესტრუქციულ განცხადებებს და ქმედებებს“, – აცხადებს ჩიქოვანი.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალსახად გაემიჯნონ არეულობის მოწყობის მცდელობას და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული შინაარსის მატარებელ ყოველგვარ გეგმას.

„ნუ დაუპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს. ყველა დავიცავთ საარჩევნო პროცესს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას წყნარ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. დღეს, ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის. გეგა შენგელია მიდის გამარჯვებისკენ.

უბნებზე გადაადგილებისას, ალბათ დაინახავთ, რომ კონკრეტული ადამიანები გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან ამოფარებულნი. ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სამწუხარო ფაქტია ასევე ისიც, რომ მათ არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა კარგად. დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ხმების სწრაფ დათვლას“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები