ახალი ამბები

ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტს ურთიერთობა დაეძაბა

სააგენტო “თაიმერი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა და სწორედ ამას მოჰყვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლაშა ჟვანიას წასვლაც. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს, რომელსაც გამოცემა ავრცელებს.

მოხდა ის, რაც, პრინციპში, მოსახდენი იყო – ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს აღარ ელაპარაკება და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა, თუმცა სანამ ლაშა ჟვანია გადადგებოდა, როგორც „თაიმერს“ უყვებიან, მას კომუნიკაცია ჰქონდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილმა ჟვანიას დაურეკა და ძალიან უხეშად ელაპარაკა.

„ივანიშვილი ჟვანიაზე კი არა, ზურაბიშვილზე იყო გაბრაზებული, მაგრამ როგორც ჩანს, ჟვანია ოლიგარქის ტონით მიხვდა, რომ სალომეს დღეები დათვლილია და ამიტომ, სანამ გემი საბოლოოდ ჩაიძირება, იქიდან წასვლა ამჯობინა“, – გვეუბება ჩვენი წყარო.

ამავე მონაცემებით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ეწვია. ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის პატივსაცემად ავლაბრის სასახლეში ვახშამი გაიმართა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის მისასალმებელი სიტყვის ფრაგმენტიც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას ყოფილი პრეზიდენტი, ანუ მარგველაშვილი პირველად ესწრებოდა.

„საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით,“ – თქვა ვახშამზე ზურაბიშვილმა.
ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ვერ იტანს დასანახად ივანიშვილი მარგველაშვილს. ისიც კარგად გვახსოვს, მთელი „ოცნება“ რას აღარ აკეთებდა მარგველაშვილის “გასათათხად”. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილს არ ესიამოვნა, ვახშამზე ზურაბიშვილის გვერდით მარგველაშვილი რომ დაინახა.

„ეგ რომ მიიწვია მანდ, მე რატომ არ მკითხა?“ – უთქვამს ივანიშვილს ლაშა ჟვანიასთვის.

ჟვანიას კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, დუმილი აურჩევია.
ივანიშვილს გაუგრძელებია: „ეს რა წესია? მაგ ქალს ცოტა მეტი ხომ არ მოსდის?!“ – უთქვამს ბიძინას და ტელეფონი გაუთიშავს, თუმცა სანამ ტელეფონს გთიშავდა, ოლიგარქს კიდევ ერთი ფრაზა უთქვამს: „დამელოდოს ეგ ქალი, იმაზე უარესს გავუკეთებ, რაც „მარგველას“ გავუკეთე.“

სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის იმ კატამ გაირბინა, რომელიც მარგველაშვილის დროს დარბოდა“, – აცხადებს წყარო და იხსენებს, რომ მარგველაშვილი ივანიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის გამო შეიძულა. წყარო ამბობს, რომ სალომეც აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას და ორბელიანების სასახლეზე უარის თქმას. „ზურაბიშვილის ავლაბრის რეზიდენციაში გადაბარგების პროცესი, პრინციპში, დაწყებულია.

გარდა იმისა, რომ ყველა მიღებას იქ მართავს, ავლაბარში მან კაბინეტიც კი მოიწყო. ივანიშვილი ამის გამოც გაბრაზდა“, – უყვება „თაიმერს“ წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მისივე თქმით, ზურაბიშვილს ახლობლები ურჩევენ, რომ 2020-ის არჩევნებამდე დარჩეს ორბელიანების სასახლეში, მაგრამ პრეზიდენტი ჯიუტად აპირებს, რომ ავლაბარში გადავიდეს. ამის შესახებ, როგორც წყარო ამბობს, ჟვანიამ იცოდა და სკანდალში რომ არ გახვეულიყო, გადადგა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან.

მოკლედ, ივანიშვილი ისეთი გაბრაზებული ყოფილა, რომ თურმე, ცოფებს ყრიდა და ჟვანია მიმხვდარა, რომ თუ სალომესთან დარჩებოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, – გვიხსნის ჩვენი წყარო.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები