ახალი ამბებისაზოგადოება

გორის სოფელში სოციალურმა სააგენტომ 80 წლის მოხუცს 60 ლარის გამო უჩივლა

სოციალური მომსახურების სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში მცხოვრებს, 80 წლის ც.თ. – ს 60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების გამო, სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ უწყების საჩივარი დააკმაყოფილა.

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივრის მიხედვით, ც.თ. – მ სახელმწიფო დახმარების თანხა ზედმეტად მიიღო.

ც.თ. სოციალურ დახმარებას ერთ სრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად, 60 ლარის ოდენობით იღებდა.

2017 წლის მაისში კი სოციალური სააგენტოს მტკიცებით, ც.თ – ს ლეგალური შემოსავალი დაუფიქსირდა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ჩაერიცხა 1150 ლარი. ც.თ. – მ ამის შესახებ სააგენტოს არ აცნობა.

სანამ დახმარების მიღება შეუჩერდებოდა, სადაო პერიოდში, ერთი თვის თანხა უკვე აღებული ჰქონდა.

სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით ც. თ. – ს სამჯერ წერილობით მიმართეს. სასამართლოში საჩივრის გაგზავნა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ც.თ. – ისგან პასუხი ვერ მიიღეს.

“მას რომ მოემართა ჩვენთვის და დაეფიქსირებინა ის ლეგალური შემოსავალი, რაც ჩაერიცხა, ამით, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ შეუჩერდებოდა სტატუსი. უბრალოდ, ხელახლა გადამოწმდებოდა ოჯახი და ხელახლა დაითვლებოდა მისი სარეიტინგო ქულა.

ყველაზე ნაკლებად სააგენტოს უნდა სასამართლოს გზით ზედმეტად დარიცხული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სხვა გამოსავალი არ რჩება, რადგან თავად მოქალაქეები არ იჩენენ პასუხისმგებლობას”, – განაცხადეს გორის სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ც.თ. – მ განმეორებითაც მიმართა სოციალური დახმარების ცენტრს შემწეობის დანიშვნისთვის, თუმცა გადასამოწმებლად მისულ სააგენტოს წარმომადგენელს სახლში არ დახვდა.

წყარო: რადიო მოზაიკა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები