ახალი ამბებიპოლიტიკა

გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან მომხდარ ინციდენტში დაზარალებულად ცნეს

სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი გორის მერიასთან მომხდარ ინციდენტში დაზარალებულად იქნა ცნობილი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია-ს” აქტივისტები – გიორგი მაქარაშვილი, ანა ჭარხალაშვილი და ლუკა იმედაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ატარებდნენ საპროტესტო აქციას.

მათ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაყარეს პურის მარცვალი და ნაკელი. აქციის დასრულების შემდეგ ისინი კიბეებს ასუფთავებდნენ და მიტანილ ნაგავს პლასტმასის ურნაში ყრიდნენ, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.

პროკურატურის ცნობით, ამ ქმედებით მან გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები