ახალი ამბები

გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით მისი და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას საკომიტეტო ფორმატში მოსვლა მოითხოვეს.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ და დაველაპარაკები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ევროპული საქართველო“ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს საკომიტეტო ფორმატში იბარებს. პარტიის ინფორმაციით, მინისტრებს იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიბარებენ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები