ახალი ამბებიპოლიტიკა

“გადატრიალების მცდელობები, პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინება”- ცქიტიშვილი ლარის გაუფასურებას ხელისუფლების გარდა ყველას აბრალებს

ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება – ხელისუფლება თითს ოპოზიციისკენ იშვერს. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა მისი მსგავსი რადიკალური ჯგუფები ხელისუფლებას ხელს უშლის, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება.
“ლარს პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა და პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს და როდესაც ჩვენი სკანდალური ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოს თითქოს არ აქვს პროგრამა რა თქმა უნდა ტყუილია. არ მომერიდება ამის თქმა. სახელმწიფოს ყველა ქმედება მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი გლეხები, ჩვენი მეწარმეები გაძლიერდნენ. ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით, რომ მათ შექმნან როგორც საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტი, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი. ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ოპოზიციის გარდა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-საც აბრალებს.

მისი თქმით, პუტინის გინებამ, ცუდად იმოქმედა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და დააკარგვინა სტაბილურობა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და უშუალოდ თქვენმა ტელეკომპანიამაც და თქვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, ეცადნენ ამ სტაბილურობის დარღვევა და საქართველოს მთავრობა ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რთულად მიღწევადი იყო და ძალიან რთულად მოსაძიებელი იყო ის გაყიდვები, ის ტურისტები, რომლებიც ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვყავდა,”-ამბობს ცქიტიშვილი.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები