ახალი ამბებიპოლიტიკა

„ეს არის პროკურატურის „ცირკაჩობა“ და მეტი არაფერი“

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესი არაფრით არ არის“. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერი, რეალური.

„დღევანდელი საუბარი რომ ძალიან უნიჭო ფაბრიკაციაა, ალბათ, ყველა ვხვდებით. იმ ჩანაწერს გაგახსენებთ, ლაშას მამაზე რომ არის, იქ საუბრის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ „რეებს ცირკაჩობო“ და ახლა ეს არის პროკურატურის „ცირკაჩობა“ და მეტი არაფერი. თავისას თუ ისრულებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არის ძალიან უნიჭო გადაფარვის თუ გამოძვრომის მცდელობა, ოღონდ ძალიან უნიჭო და დღეს დადასტურდა, რომ არანაირად არ არის „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესი, რაღაც ოდნავი მორალური უპირატესობა მაინც ჰქონდათ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად დამთავრდნენ. ჩვენ ვუყურებთ, ხელისუფლებაში მოსვლის ექვსი წლის თავზე როგორ გაკოტრდა ეს პარტია, როგორ დეგრადირდა აბსოლუტურად და მათი ღირებულება დღეს მინუსებშია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა „ვიღაც ბანალურ მექრთამეებს გადააყოლა“.

„ბიძინა ივანიშვილი რომ გვპირდებოდა, რომ დემოკრატიით ევროპას გავაოცებდით, აგერ ვუყურებთ, რომ ვიღაც ბანალურ მექრთამეებს ეს ქვეყანა გადააყოლა. 2012 წელს ხელისუფლებაში გამოხეული წინდებით რომ მოვიდნენ, ის ხალხი დღეს „გოიმურ“ სასახლეებს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი დახურდავდა ეკა ბესელიად. პატიმრებით მოვაჭრე, „მოროდიორ“ ბესელიას გადააყოლა ყველაფერი და ვულოცავ „ქართულ ოცნებასაც“ და ბიძინა ივანიშვილსაც“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

იგი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას არ ენდობა.

„ყველა ვხედავთ, რომ ესენი არაფერს არ გამოიძიებენ. ეს ხალხი არის ხელისუფლებიდან გასაშვები და ყველა ნორმალური, ჯანსაღი ადამიანი, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ამ ქვეყნის ბედი, უნდა დავირაზმოთ, რომ ეს ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვისგან გადავარჩინოთ.

მირზა სუბელიანის მსგავსი „ტიპი“ ჰყავდა წინა ხელისუფლებას, სახელად „მასტერა“, ახლა მირზა სუბელიანია. ასეთი ხალხი სჭირდებათ ხოლმე, მაგრამ სააკაშვილი თავის ხალხზე ზრუნავდა ხოლმე, მითუმეტეს, „შავი საქმეების“ გამკეთებლებზე, ეს ჩემთვის თავიდანვე მიუღებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ესენი არც ზრუნავენ. მე დარწმუნებული ვარ, პირველი ჩანაწერი რეალური იყო და მეორე ჩანაწერი არის ძალიან უნიჭო ფაბრიკაცია, ნამდვილად „ცირკაჩობა“. შეხედეთ ვიქტორ ჯაფარიძეს, ფურცლიდან ძლივს კითხულობდა დაწერილს, თუ ოდნავ გულმოდგინებით დაუგდებთ ყურს და სულ სხვანაირი პათოსით მეტყველებს ერთიც და მეორეც და რა თქმა უნდა, ეს ძალიან უნიჭო ფაბრიკაციაა. ხელისუფლება უკვე ჩიხშია შესული და ყველა ნორმალურმა ადამიანმა ის ქვეყნიდან უნდა გაუშვას, რათა ქვეყანა გადაჩეხვას გადავარჩინოთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები