გადაცემებიგანათლებაკულტურა

ერთი ნაბიჯი… ბედნიერებამდე (ნოველა)

“ნორმალურობა - ეს მოასფალტებული გზაა. მოხერხებულია სასიარულოდ, მაგრამ ყვავილი არ ხარობს” /ვინსენტ ვან გოგი/

“ნორმალურობა – ეს მოასფალტებული გზაა. მოხერხებულია სასიარულოდ, მაგრამ ყვავილი არ ხარობს.”
/ვინსენტ ვან გოგი/

1

ბულონის ტყე, ელისეს მინდვრები, ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშკი და ხალხით სავსე ქუჩები ერთგვარ ჰარმონიას ქმნიდნენ ქალაქში. პარიზი, ერთი სიტყვით, სიყვარულის ქალაქი და ფრანგული ენა, იგივე სიყვარულის ენა. ბევრი ვერც მიხვდება, თუ არ გაუსინჯავს ამ ყველაფერს გემოს და თუ არ შეიგრძნობს მათ მრავალფეროვნებას.
წვიმიანი დღე იყო, მაგრამ ვერ იტყოდით, რომ ქუჩაში ხალხმრავლობა არ იყო. ყველა სადღაც გარბოდა, ზოგი სამსახურში, ზოგი სახლში და ზოგიც პაემანზე. შეუდარებელია წვიმიან ამინდში პაემანი.
უკვე თორმეტი საათი ხდებოდა. როგორც იქნა, მაღვიძარას გამაყრუებელმა ხმამ გამოაღვიძა ღრმად მძინარე რობერტი.
რობერტი გახლდათ ჩამოყალიბებული ფრანგი ჯენტლმენი (როგორც თვითონ აღწერდა თავის თავს), რომელსაც უკვე მობეზრებული ჰქონდა ყოველდღიური რუტინა და როგორც ყოველთვის, შაბათს ნანატრი ძილით ტკბებოდა. მაგრამ მისდა საუბედუროდ, გაფუჭებულმა მაღვიძარამ, რომელიც ანტიკვარიატების მაღაზიაში ჰქონდა ნაყიდი (რობერტს ძალიან უყვარდა ძველი ნივთები), ძილი დაურღვია.
რობერტმა, ნელი მოძრაობით ძლივს მიაგნო მაღვიძარას და გამორთო. მართალია, ძალიან ეზარებოდა ადგომა, მაგრამ ძილის გაგრძელებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ხალათი შემოიცვა, ხელზე საათი გაიკეთა, რომელიც უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული, და სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავიდა.
ჭურჭელი, როგორც ყოველთვის, გაურეცხავი დახვდა, რადგან სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც იქნა, მიაგნო თავის ჭიქას და ყავის მოდუღებას შეუდგა.
თვალები, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა გახელილი, როდესაც მისი მზერა, ფანჯრიდან დანახულმა, ოთხკუთხა მეტალის პირამიდამ მიიქცია. საფრანგეთში მხოლოდ ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც მას ვერ დაინახავდი და ნებისმიერი ფრანგისთვის, რომ გეკითხა, ყველა გიპასუხებდა: „Oh mon Dieu, c’est si simple. Asseyez-vous dans un restaurant, retrouvez-vous en dessous et vous ne le verrez pas.1“
რა თქმა უნდა, ეს გახლდათ ყველასთვის საპატივცემულო ნაგებობა – ეიფელის კოშკი. მაგრამ მას, როგორც მოყვარეები, ასევე მტრებიც ჰყავდა, რომლებიც მას ჯართს, ან უბრალოდ გიუსტავ ეიფელის2 სულელურ ჩანაფიქრს უწოდებენ.

————————————————————————————————————–
*1 ღმერთო ჩემო, რა უნდა ამის მიხვედრას. დაჯექი მის ქვეშ მდებარე რესტორანში და საერთოდ ვერ დაინახავ მას. (ფრ.)

*2 გიუსტავ ეიფელი – ფრანგი სამოქალაქო ინჟინერი და არქიტექტორი.
————————————————————————————————————–

რობერტმა ყავა დალია, წვერი სასწრაფოდ გაიპარსა, ფეხზე ჩაიცვა და გარეთ გავიდა. კიბეებზე ჩასვლისას ფიქრობდა რა იქნებოდა მისი დღევანდელი გეგმები და სად წავიდოდა? ისევ ეიფელის კოშკის ყურებით, ხომ არ დატკბებოდა? არა, რამე სხვა უნდა მოეფიქრებინა.
ქუჩაში გასულმა აღმოაჩინა, რომ თავზე წყლის წვეთები ეცემოდა. იმწამსვე მიხვდა, რომ წვიმდა, რადგან პარიზში უმეტესად ასეთი ჩუმი წვიმები იცოდა. ნებისმიერი ხელოვანი ადამიანისთვის წვიმა ითვლებოდა იდეის წყაროდ, მაგრამ რობერტისთვის რატომღაც ეს მისასალმებელი არ იყო. ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ხელოვანი არ იყო.
მას ძალიან მწირი სამუშაო ჰქონდა. იგი მენაყინე იყო. ყოველ დილით, შაბათ-კვირის გარდა, ჩადიოდა მის სახლთან მდებარე პატარა რესტორანში, სადაც ჩაიცვამდა მისთვის კუთვნილ ყავისფერ ტანსაცმელს, გამოიყვანდა პატარა ბორბლებიან მაცივარს, რომელიც ნაირ-ნაირი ნაყინებით იყო სავსე და გზას გაუდგებოდა.
მისთვის, რომ გეკითხათ ეს მას აკმაყოფილებდა. არა იმიტომ, რომ სხვა სამუშაო ვერ ეპოვნა, არამედ იმიტომ, რომ ეს მას სიამოვნებდა. სიამოვნებდა, როდესაც პატარა ბავშვები, ბიჭები და გოგონები, მასთან მიირბენდნენ, ზოგი ნაცნობი და ზოგიც უცნობი, სთხოვდნენ შოკოლადის ან ვანილის პლომბირს და რობერტიც დიდი სიამოვნებით მოემსახურებოდა ამ პატარა ანგელოზებს.
აღსანიშნავი ის იყო, რომ რობერტი მათხოვარ ბავშვებს უანგაროდ აძლევდა ნაყინებს, რაც იძულებულს ხდიდა თავისი მწირი ხელფასიდან ამ ნაყინების საფასური თვითონვე გადაეხადა.
რობერტმა გვერდი აუარა სანაგვე ფურგონს, სადაც მენაგვეები ჩვეული სისწრაფით ყრიდნენ ნაგავს და ჩქარი ნაბიჯით შევიდა პარკში.
პარკში შესული, როგორც ყოველთვის, მიესალმა იქვე მჯდარ მოხუც ქალბატონს, რომელსაც მთელი ცხოვრება აქ ჰქონდა გატარებული.
– Bonjour! Comment allez vous madame Linda? 1 – ჰკითხა რობერტმა.
– Rien, lentement Robert. 2 – მიუგო სევდანარევი ღიმილით ლინდამ.
რობერტს ყოველთვის უყვარდა ლინდასთან საუბარი და მისი ისტორიების მოსმენა ახალგაზრდობაზე, მაგრამ ახლა ამისთვის არ ეცალა. მას უნდოდა პარკში მარტო დამჯდარიყო და თავი ფიქრებისთვის მიეცა.
დიდხანს მოუწია პარკში სეირნობა, რადგან თავისუფალი ადგილი თითქმის არ იყო, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, უეცრად, ერთ-ერთი სკამიდან ახალგაზრდა წყვილი ადგა. წითელლოყება ყმაწვილს მთელი ძალით ჩაეკიდა ხელი ახალგაზრდა გოგონასთვის და რაღაცას გამალებული თხოვდა. გოგონამაც აღარ დააყოვნა და ბიჭთან ერთად, სადღაც გაიქცნენ.

————————————————————————————————————-
1 გამარჯობა! როგორ ბრძანდებით ქალბატონო ლინდა? (ფრ.)

2 არამიშავს, რობერტ. (ფრ.)
————————————————————————————————————-

რობერტი, რომელიც ამ ყველაფერს ღიმილით უყურებდა, სწრაფად ნაბიჯით გაემართა სკამისკენ და ამაყი დაჯდა, თითქოს პირველად დამჯდარიყოს სკამზე.
„დრო ძალიან სწრაფად გარბის,“ ფიქრობდა რობერტი. „უკვე თითქმის ნახევარი წელია, რაც გავძელი მას მერე. ძალიან მიჭირს ყოველივე და არ ვიცი როგორ გავუმკლავდე. ზოგჯერ საერთოდ აღარ მინდა ცხოვრება, ზოგჯერ კი ისეთი უსაზღვრო სურვილი მიჩნდება, თითქოს ეს ყველაფერი ზღაპარი ყოფილიყოს და მეც მისი გმირი, რომელსაც კვლავ ბოროტის დამარცხება უწევს. მაგრამ ამ შემთხვევაში გამარჯვების შანსები საგრძნობლად ნაკლებია.“
უეცრად, ფიქრებში წასული რობერტი პატარა ბავშვის ტირილმა გამოაფხიზლა, რომელიც ძალიან ახლოდან ისმოდა. რობერტმა გარშემო გაიხედა და დაინახა პატარა, ლამაზი გოგონა, რომელიც იქვე მდგარ სკამზე იჯდა და მწარე ცრემლით ტიროდა. თავიდან, რობერტმა გაიფიქრა, ალბათ ჩემი მისვლით ვერც ვერაფრით დავამშვიდებო, მაგრამ ბოლოს, ბევრი ყოყმანის შემდეგ, წამოდგა და ბავშვისკენ გაემართა.
პატარა გოგონას წითური თმა ჰქონდა, რომელიც ალაგ-ალაგ პატარა, ყვითელი თმის სამაგრებით შეეკრა. ტანზე, ლამაზად და კოხტად მორგებული, მწვანე კაბა ეცვა, რომელიც ცრემლებისგან სულ მთლად დასველებულიყო. ამის შემხედვარე რობერტმა ვეღარ მოითმინდა და გოგონას ჰკითხა:
– რა გქვია პატარავ?
გოგონამ ცრემლები სასწრაფოდ მოიწმინდა, რადგან შერცხვა, რომ მისმა განცდებმა უფროსის ყურადღება მიიქცია.
– მატილდა, – მიუგო მცირე პაუზის შემდეგ გოგონამ.
რობერტს ეს იყო უნდა ეკითხა თუ რატომ ტიროდა, რომ მიზეზი იმწამსვე მის ხელებში შეამჩნია. ეს იყო პატარა ნაჭერი, რომელსაც კაბის ფორმა ჰქონდა მიცემული. რობერტმა აღარ დააყოვნა და გოგონა გულში ჩაიკრა. მას ჰქონდა გამოცდილი, თუ როგორი მტკივნეული იყო ბავშვობაში თოჯინის, ან რაიმე სათამაშოს დაკარგვა. ის მაშინვე შევიდა მატილდას მდგომარეობაში და თავადაც განიცადა ეს.

უკვე ბინდდებოდა. რობერტმა იგრძნო, რომ მის სხეულს ვიღაც აჯანჯღარებდა. თვალები გაახილა და მის წინ მდგარი დარაჯი შეამჩნია, რომელიც ატყობინებდა, რომ პარკი იკეტებოდა. რობერტი მიხვდა, რომ თურმე ღრმად ჩასძინებოდა, პალტო აიღო, სწრაფად შემოიცვა და სახლისკენ გაეშურა.

2

მეორე დილით რობერტი ფურცლით ხელში მიიჩქაროდა პარკში. იმდენად, სწრაფად მოდიოდა, რომ გარშემო მყოფთა ყურადღება მიიპყრო. როდესაც პარკში შევიდა, გაეშურა იმ სკამისკენ, სადაც გუშინ იჯდა. მიდიოდა სწრაფი ნაბიჯით, თითქოს გარშემო ყველაფერი დავიწყებოდა და მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა, რომ როგორმე ეს ფურცელი მატილდასთვის გადაეცა.
რობერტმა შორიდანვე დაინახა მატილდა, თუ როგორ ერთობოდა რაღაც პატარა სათამაშოებით, მაგრამ არა თოჯინით. თოჯინა ჯერ კიდევ ვერ ეპოვა. რობერტმა ერთგვარი შვება იგრძნო, რადგან მისთვის ეს ხელსაყრელი მომენტი იყო ფურცლის მისაცემად.
როდესაც რობერტი მიუახლოვდა, მატილდამ იცნო და ღიმილით შეხვდა. სათამაშოები გვერდზე გადადო, რათა რობერტი მოხერხებულად დამჯდარიყო.
– ეს შენ, პატარა წერილი, – სიცილით მიუგო რობერტმა.
– ვისგან? – გაკვირვებულმა ჰკითხა მატილდამ.
– შიგნით წერია, – უპასუხა რობერტმა და წერილი გაუწოდა.
მატილდამ სასწრაფოდ გახსა, კონვერტი ძირს დააგდო და კითხვას შეუდგა.

წერილში ეწერა:

„ჩემო საყვარელო მატილდა! ჩემზე არ იდარდო, მე სამოგზაუროდ ვარ წასული და მალე დაგიბრუნდები.“

სიყვარულით, შენი თოჯინა.

მატილდას სახეზე ისაზღვრო სიხარული იკითხებოდა. „ჩემი თოჯინა მალე დამიბრუნდება!“ გულში გაიფიქრა და ბედნიერებისგან რობერტის წინ ხტუნვა დაიწყო.

ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. რობერტს კვლავ მოჰქონდა წერილები და მატილდას უკითხავდა თოჯინის დიდ თავგადასავალზე. თუ როგორ მოიარა მსოფლიო, როგორ დაათვალიერა უამრავი ლამაზი ქვეყანა და ქალაქი.

3

ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა. პარკში მჯდარი მატილდა დიდხანს ელოდა რობერტს, ხან რითი გაირთობდა თავს, ხან რითი, რომ როგორმე დრო გაეყვანა, მაგრამ რობერტი არსად ჩანდა.
მატილდა კი კვლავ იჯდა და ელოდა.
უეცრად შორიდან მოჩანდა პატარა სილუეტი, რომელიც თანდათან დიდდებოდა. მატილდა წამოხტა და მისკენ გაექანა, მაგრამ როდესაც მიუახლოვდა ეს რობერტი არ იყო. ეს იყო სრულიად უცნობი ადამიანი, რომელიც აქამდე არასოდეს ენახა.
– მატილდა, შენ ხარ? – ჰკითხა უცნობმა.
– დიახ, – შეშინებულმა უპასუხა.
– მე რობერტმა გამომაგზავნა.
– რობერტი სად არის?
– რობერტს პატარა პრობლემები გამოუჩნდა და შენ ვეღარ გნახავს, სამაგიეროდ ეს გადმოგცა, – და უცნობმა მას მიაწოდა თოჯინა, რომელსაც ხელში პატარა წერილი ეჭირა.
მატილდამ გამოართვა თოჯინა, მაგრამ იმედები იმწამსვე გაუცრუვდა, რადგან ეს ის თოჯინა არ იყო, რომელიც მან დაკარგა. იგი სრულიად განსხვავდებოდა მისგან. მიუხედავად ამისა, მატილდამ თოჯინას ხელიდან აიღო წერილი გახსნა და წაიკითხა.
მასში მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა:


„მოგზაურობამ შემცვალა მე“

მატილდამ თოჯინდა გულში ჩაიკრა და სიხარულისგან თვალებზე ცრემლები მოადგა.

რობერტს კი ტუბერკულიოზის საბოლოო დიაგნოზი დაუსვეს და იძულებული გახდა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გამგზავრებულიყო, სადაც თავის უკანასკნელ დღეებს გაატარებდა.

ავტორი: კონსტანტინე ბერიშვილი

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები