ახალი ამბებიბლიც-ინტერვიუ

დროსა და სივცეში

ჩვენს ყურადღებას კლასიკური როკის „ჭუჭყიანი“, მაგრამ გულის ამაჩქარებელი და ემოციის მომგვრელი ჟღერადობა იქცევდა

მუსიკა ჩემთვის ერთგვარი თავშესაფარია. გაქცევა რუტინული სინამდვილისგან, რომელიც ზოგჯერ მეტისმეტად მძიმედ გაწვება მხრებზე“, – წერდა ჯიმი ჰენდრიქსი.

დღეს ჯგუფს საკუთარი ხელწერა, რეპერტუარი და მსოფლმხედველობა აქვს. რაც მთავარია, ჰყავს ერთგული როკ-პუბლიკა, რომლისთვისაც სიმღერები ქართულ ენაზე იწერება…

ვესაუბრებით ჯგუფის გიტარისტ დავით კიკნაველიძეს.

დავით, როდის და რატომ დაინტერესდით როკით?
— ჩემი აზრით, ყველა ადამიანს როკ-მუსიკაში საკუთარი თავის ძიების მხოლოდ მისთვის მისაღები გზა აქვს ნაპოვნი. ჩვენს ყურადღებას კლასიკური როკის „ჭუჭყიანი“, მაგრამ გულის ამაჩქარებელი და ემოციის მომგვრელი ჟღერადობა იქცევდა. ამ მუსიკამ გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა ბენდის ყოველი წევრის ცხოვრებაზე, გემოვნებაზე, ზოგადად მსოფლმხედველობაზეც.

Led-Zeppelin-ი პირველი როკ-ბენდი იყო, რომელმაც მუსიკა უფრო შემაყვარა და დამაფიქრა იმაზე, რომ სიმღერა მხოლოდ ყურით არ აღიქმება. მოგვიანებით გამიტაცა ეზოთერიკამ, რამაც ჩემს ხელოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ამის შემდეგ Zeppelin-მა ჩემთვის სულ სხვანაირად გაიჟღერა და უფრო აღმაფრთოვანა.

— ჯგუფის წევრებმა როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
— მჯერა, რომ შემთხვევითობები ცხოვრებაში არ არსებობს. შემთხვევითი არ არის არც ჩვენი ხუთეულის შეხვედრა. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ხიბლი და ემოცია აღმოაჩინა როკის ისტორიაში უდიდესი შემსრულებლების შემოქმედებაში.

მაგალითად, ჩემი, როგორც გიტარისტის განვითარებისა და შთაგონების ინსპირაციად ყოველთვის და ახლაც მივიჩნევ ლეგენდარულ Led Zeppelin-ს; დავით კალატოზიშვილს (დრამი) როკისა და „მეტალისადმი“ სიმპათია მოგვიანებით გაუჩნდა, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მან ელექტრომუსიკაში სიამოვნების განცდა ვერ აღმოაჩინა და მისთვის იდეალურ, მასზე მორგებული მუსიკალურ ჟანრს — როკს, შედარებით მძიმე ჟღერადობის ძიებაში მიაგნო; ალექსანდრე ჯანაშვილს, ჩვენს ლიდ-გიტარისტს, როკი ბავშვობიდანვე უყვარს. მისი თქმით, ეს ოცნება სწორედ მაშინ აუხდა, როდესაც პირველი ელექტროგიტარა აჩუქეს.






– ჯგუფი „ინტერვალი“ როდის და, რაც მთავარია, ვისთვის გაჩნდა?

— თავიდან ეს სამი ადამიანი თვითგანვითარების სურვილმა და მეგობრობამ შეგვკრიბა — მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით. ჩვენი მიზანი არ იყო საკუთარი სიტყვის თქმა და საზოგადოების წინაშე წარდგომა. იდეაშიც არ გვქონია, რომ ოდესმე ბენდი გავხდებოდით.

მოხდა ისე, რომ წლინახევრის წინ გავიცანით დავით პეტრიაშვილი (ვოკალი) და მისი ძმა, პაპუნა პეტრიაშვილი (ბასი), რომლებიც მუსიკისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ. ჩვენი პირველი სიმღერის, „მუსიკალური ზღვის“ შექმნისა და დამუშავების შემდეგ ყოველმა ჩვენგანმა იგრძნო, რომ მოვიდა დრო, შექმნილიყო ჯგუფი.

საავტორო სინგლი – მუსიკალური ზღვა

— და რატომ „ინტერვალი“, რას გულისხმობთ ჯგუფის სახელში?
— სამყაროში ყველა ინფორმაცია ჩვენამდე სხვადასხვა ტალღით აღწევს. ინტერვალი გვხვდება ყველგან: მათემატიკაში, მუსიკაში, დროისა და სივრცის აღქმაში, მედიცინაში… ხმები, სინათლის შუქი, სხვადასხვა შეგრძნებები — ჩვენამდე ყველაფერი გარკვეული ინტერვალით მოდის. დროისა და სივრცის განსაზღვრა ადამიანის მიერაა დამკვირდებული. ადამიანი წარსულსა და მომავალს შორის დროის გაურკვეველ ინტერვალში არსებობს…

ჩვენ სწორედ ამ ინტერვალში მოქცეულ შეგრძნებებზე ვმღერით. ეს ყველაფერი ახსნილია ჩვენს ერთ-ერთ ინსტრუმენტალურ კომპოზიციაში „პროლოგი“. სულ მალე ჩვენს სახელს ახალი სიმღერა „ინტერვალი“ უფრო კარგად ახსნის, მასზე დიდი ხანია ვმუშაობთ.

ყველა სიმღერას ქართულ ენაზე ასრულებთ, ვინ წერს ტექსტებს და მუსიკას სიმღერებისთვის?
— ქართულად, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვაზროვნებთ და ვფიქრობთ მშობლიურ ენაზე. ქართულ ენაზე სიმღერების წერა გვეხმარება ჩვენი ემოციებისა და გრძნობების მაქსიმალურად გამოხატვაში. „ინტერვალის“ პირველი სიმღერების ტექსტის ავტორი მე ვარ. დღესდღეობით ბენდის ყველა წევრი წერს და ცდილობს, რომ თავისი ხედვა და გრძნობები გადმოსცეს.
რაც შეეხება მუსიკას, ძირითადი მოტივი ტექსტის ავტორისაა, მერე კი ამ სიმღერას თავისი ინსტრუმენტითა თუ ვოკალით თითოეული რაღაცას მატებს.

— როკს ყველა დროში ჰქონდა თავისი „რელიგია“ და ფილოსოფია, თქვენთვის რა არის როკი და რა დატვირთვა აქვს?
— ჩვენთვის როკ-ენ-როლი არის ხმა, რომელიც ხალხს ინტელექტუალური განვითარებისკენ უნდა მოუწოდებდეს, თანაც ისე, რომ არ ავიწყებდეს ადამიანურ ფასეულობებსა თუ გრძნობებს.

— ყველაზე მეტად რა იწვევს თქვენში პროტესტს?
— ხალხის დოგმატური აზროვნება. დღეს ადამიანების დიდი ნაწილის აზროვნება ჩარჩოებშია მოქცეული. მართალია, ისინი აზროვნებენ, იზრდებიან, სწავლობენ, მაგრამ ინტელექტუალურად მაინც არ ვითარდებიან, რადგან თავისუფალი აზროვნების უნარი არ აქვთ.

— რატომღაც მომინდა გკითხოთ: როგორ გესმით გმირობა და ვინ არის თქვენს თვალში გმირი?

— გმირობა ჩემთვის ძალიან ფარდობითი ცნებაა. გმირია ყველა, ვინც იდეის რეალიზებას ემსახურება, რათა თავისი კვალი დატოვოს. როდესაც რუტინული პრობლემებით სავსე სამყაროში ადამიანს გააჩნია თავისუფალი ხედვა, მისი დახმარებით უყალიბდება გარკვეული პრინციპები. როცა პრინციპების რეალიზება ცხოვრების მთავარ ამოცანად იქცევა ხოლმე, ესეც გარკვეულად, თავისებური გმირობაა…

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები