ახალი ამბებიპოლიტიკა

“დღგ-ის რეფორმა ბიზნესისთვის ოპერირების გამარტივებას ითვალისწინებს” – ვახტანგ ლაშქარაძე

დღგ-ის რეფორმა ბიზნესისთვის ოპერირების გამარტივებას ითვალისწინებს, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

როგორც მან აღნიშნა, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო კანონმდებლობის განახლება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად და მიმართულია ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისკენ.

მისი განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილებები ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და სასურველია, რომ ბიზნესი მის განხილვაში აქტიურად ჩაერთოს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი ცვლილებების მიზეზი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დღგ-ის მარეგულირებელ დირექტივასთან დაახლოებაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ნორმა აბსოლუტურად გადმოვიღოთ. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე „საკანონმდებლო მაცნეში“ და პირველი, რაც ხაზგასმით ძალიან მინდა ბიზნესს ვთხოვო, მათ შორის, ბიზნესასოციაციებს თუ ნებისმიერ პირს, ვისაც შენიშვნა აქვს ამ მიმართულებით, აზრი გამოთქვას. დღგ-ის რეგულირება ძირეულად იცვლება, მთელი თავი თავიდან არის გადაწერილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცვლება“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების პროექტში ასახულია ბიზნესისთვის აქტუალური ბევრი მიმართულება.

„არის ისეთი ფაქტებიც, რაც ბიზნესისთვის სასურველია. მაგალითად, ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მიწოდება, თუ ეს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში არ არის, დღგ-ისგან თავისუფლდება. გარდა ამისა, გამოფენების, გარკვეული პრომოაქციების თუ დეგუსტაციების დროს დახარჯული საქონელი დღგ-ისგან თავისუფლდება, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა. არსებული პროექტი ექვემდებარება განხილვებს და ჩვენი დიდი თხოვნაა ბიზნესთან, ჩაერთონ ამ განხილვებში და ერთად მივაღწიოთ პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close