ახალი ამბები

დღეს მეან-გინეკოლოგის ირაკლი მერკვილაძის დაბადების დღეა!

პატიმრობაში მყოფი ექიმი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

მაია ცომაიას ბლოგი

დღეს პატიმრობაში მყოფი ექიმის,  ირაკლი მერკვილაძის  დაბადების დღეა!  მხნეობასა და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილ მეან გინეკოლოგს, რომლის ხელში იმშობიარა 12000-ზე მეტმა მშობიარემ, აქედან 5000-ზე მეტი საკეისრო კვეთით

მე ვარ ის ჟურნალისტი, რომელმაც საფუძვლიანად შევისწავლე ქუთაისელი მეან-გინეკოლოგის ირაკლი მერკვილაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. მრავალი გადაცემათა ციკლი მაია ცომაიას საავტორო გადაცემა “პაციენტის დრო” თუ პუბლიკაცია Gmtv.ge -ზე მივუძღვენი “ირაკლი მერკვილაძის” საქმეს!

34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იმ ფაქტებიდან და დეტალებიდან გამომდინარე რაც ძიების საქმეშია, არსად არ იკვეთება ექიმის უყურადღებობა, არც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა. პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და გაეწერა კლინიკიდან სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. შემდგომი პერიოდის გართულება უამრავ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მოგეხსენებათ მელოგინეს თავისებური მოვლა და გარემო ესაჭიროება, თან ზამთრის პერიოდში (იანვრის თვეში).

გართულების შემთხვევაშიც კი პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს მის მკურნალ ექიმს, დაადგინოს მიზეზი და ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტი, რომელიც თვითნებურად ტოვებს სტაციონალს, ექიმის ნებართვის გარეშე ფაქტიურად იპარება, რა ქნას ექიმმა, სახლში მიაკითხოს და უკან დააბრუნოს? მოგეხსენებათ, ოთხი სასწრაფო ბრიგადის გამოძახების და მათ მიერ ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში გადაყვანის მოთხოვნის მიუხედავად პაციენტი და მისი დედა კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ. ჩავწერე სასწრაფო დახმარების ექიმებიც, რომლებმაც დაადასტურეს საქმეში არსებული ჩვენებები, დაწვრილებით გვიამბეს, როგორ არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტი და მისი ოჯახის წევრები, აღწერეს ასევე მელოგინისთვის სრულიად შეუფერებელი გარემო-პირობები.

აღნიშნეს ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის კატეგორიულ უარი არ ეთქვათ საავადმყოფოში გადაყვანაზე, პაციენტი შეიძლებოდა გადარჩენილიყო. 

დარგის წამყვან სპეციალისტებთან, იურისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სასწრაფოს ექიმებთან ინტერვიუებმა ნათლად ცხადყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენის კანონიერების მიმართ უნდობლობა!
საქმეში არსებული ბევრი კითხვის ნიშნის არსებობა იწვევს საფუძვლიან და გონივრულ ეჭვს, პირველ რიგში „ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაციენტის გვამიდან აღებულ სისხლსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩენილი ფსიქოტროპული ნივთიერება “ფენობარბიტალი“
1.საიდან აღმოჩნდა მთელ ორგანიზმში ეს პრეპარატი?
2.რა დოზით იყო ეს პრეპარატი ორგანიზმში?
3. რატომ არ მიუთითა ექსპერტმა ამ ნივთიერების რაოდენობაზე, მაშინ როცა გამომძიებელი პირდაპირ ავალებდა ყველა იმ ნივთიერების მითითებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი. ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები დღემდე არ გააჩნია გამოძიებას.
ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტის არასათანადო კვალიფიკაციაზე მიუთითებს, რადგან ფენობარბიტალის ორგანიზმში არსებობას და დიდ დოზას შეუძლია ადამიანის გარდაცვალება. ამის უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ განზრახული იყო პირდაპირი ბრალის დადება ექიმზე, მაშინ როცა გვამის გაკვეთისას აღმოჩნდა ორგანიზმში ნივთიერება, რომელსაც შეეძლო ლეტალური შედეგის გამოწვევა და გამოძიებამ არათუ გამოიკვლია, არამედ საქმეში არ არსებობს არანაირი დასკვნა ამ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე

პს. მანამ, სანამ იარსებებს შეფასების გარეშე დატოვებული ფაქტები, საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს გონივრული და სამართლიანი ეჭვი ექიმის მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის! 

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები