ახალი ამბები

დემოგრაფიული პრობლემების არსებობა სახელმწიფოს ბრალია

ნუთუ გვინდა, რომ მალე ჩვენსავე ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ?

დიახ, მე ვარ მოქალაქე და მაქვს უფლება ხმა ავიმაღლო სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ვფიქრობ, რომ დემოგრაფიული პრობლემა სახელმწიფოს ბრალია. ისედაც პატარა ქვეყანაში, ასეთი გლობალური პრობლემა დამღუპველია. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეკონომიკური კრიზისი ჩვენი სატკივარია, შესაბამისად შობადობის რიცხვიც იკლებს. იყო დრო, როდესაც ოჯახები შვილებს აჩენდნენ და შემდგომ, სახელმწიფო მცირედით მაინც ეხმარებოდათ. თუმცა ახლა, სრული განუკითხაობაა. რა შედეგებამდე მივალთ მალე? დიდი ხანია, რაც საქართველოში სხვა ეროვნების ხალხი სახლდება. თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ მოქალაქეობის მიღება ჩვენთან არც თუ ისე რთულია. არსებობენ ქვეყნები, რომლებშიც ერის სიმრავლის გამო ოჯახებს აძლევენ გარკვეულ ანაზღაურებას, სხვა ქვეყანაში გადასასახლებლად. და გამოდის, რომ ამ თანხას მხოლოდ ჩვენთან აქვს ფასი. ეს ის ძღვენია, რომლითაც უცხოელები ჩვენს ტერიტორიებზე საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობენ მიწებს. და რა უნდა ქნას გლეხმა, რომელსაც ასე უჭირს, რომელსაც შვილი ჰყავს აღსაზრდელი, რომელსაც ლუკმა-პური არ აქვს, ნუთუ ეროვნების გარჩევა უნდა დაიწყოს? საქართველოსა და „ქართველობას“ მუდამ ჰქონდა ტოლერანტობის ამბიცია და შესაბამისად, მსგავსი ჟესტი უღირსი ნაბიჯის ტოლფასია მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სანქცია, ან რეგულაცია არ არსებობს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, ქონების განკარგვის თვალსაზრისით.
მართალია, რომ ადამიანები ვერ აჩენენ შვილებს სიდუხჭირის გამო და სწორედ იმიტომ, რომ სამუშაო ადგილების დეფიციტია. სირცხვილი არაა ის, რომ დემოგრაფიულ გასაჭირზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა ამ პრობლემის პრევენციის ალტერნატივა არ არსებობს? დარწმუნებული ვარ, არავის სურს „უქართველო“ – საქართველო. ჩვენს ქვეყანას არც იმის ფუფუნება აქვს, რომ ოჯახებში დედები, მხოლოდ, შვილების აღზრდასა და ფასეულობებზე ზრუნავდნენ და არა იმაზე, თუ „ხვალ რა აჭამონ მათ“. ნეტა ვინ მოთვლის მარტოხელა დედებს, რომელსაც არავინ ეხმარებათ? ახლა კი ღიად ვამბობ, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა! ჩვენ კი რაღაც მონაცემებს გვაჩვენებენ, რომლებიც შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელია და ვინ არის პასუხისმგებელი ამ მონაცემების სიზუსტეზე? მარკ ტვენს ერთი საინტერესო ფრაზა უთქვამს: „არსებობს სამი სახის სიცრუე: სიცრუ, საძაგელი სიცრუე და სტატისტიკა“, ეს ის სტატისტიკაა, რომელიც ლიბრივით ეკვრის ჩვენს თვალებს და გვარწმუნებს, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.
რა უნდა გაკეთდეს პრობლემის პრევენციისთვის? საკმაოდ წამახალისებელი იყო პატრიარქის შემოთავაზება და საჩუქარი, მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ, რომ ყოველ მესამე შვილს ის მონათლავდა. რელიგია, მაინც ფუნდამენტია ქვეყნის კეთილდღეობის გზაზე. დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კი აუცილებელია საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა. დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების უპირველესი საჭიროება სახელმწიფოს ჩარევაა ამ პროცესების მსვლელობაში, პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა გამოცხადდეს მოკლე და გრძელვადიანი დემოგრაფიული პროგრამები, სადაც მთავარი აქცენტი მიმართული იქნება შობადობის გაზრდაზე. ადამიანებს უნდა დავანახოთ, რომ შვილის გაჩენა ღირს და მათი რჩენის შესაძლებლობა ქვეყანას, მათი დასაქმების თვალსაზრისით აქვს და რომ მრავალშვილიანი ოჯახი არის ჩვენივე ქვეყნის ღირსება. სტატისტიკურად, ყველა მეზობელ სახელმწიფოს გაცილებით უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს, მათთან მოსახლეობა ინტენსიურად იმატებს. ეს იმიტომ, რომ იქ ამ მხრივ სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და საკითხის სწორი პროპაგანდა მიმდინარეობს, ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით და ვქრებით. ნუთუ გვინდა, რომ მალე ჩვენსავე ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ? ვფიქრობ, არა!

ავტორი : დეა ცომაია

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები