ახალი ამბები

დავით დვალი -პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების, მადლობა, მაგრამ საჩუქარი არ გვინდა

რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების, მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტის განაცხადა, სადაც დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდება.

როგორც დავით დვალმა აღნიშნა, ეს ტელევიზია მათ უხეშად წაართვეს და ხელისუფლებამ ის უკან უნდა დაუბრუნოს.

„რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების. კატეგორიულად მივიჩნევთ, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ – სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა. მივიჩნევთ, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. მივიჩნევთ, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა“, – განაცხადა დვალმა.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები