ახალი ამბებიბიზნესიბლიც-ინტერვიუგართობაეკონომიკაექსკლუზივიკულტურამოგზაურობამსოფლიო

დავით ბაძაღუას “ნავი”

ამ ნავს სული გააჩნია, რადგან მას უფრო მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე მე, ან ჩემს რომელიმე ნაცნობს

     ჩემი ბავშვობის ნავი!

მაია ცომაიას ბლოგი

მხატვარი- ფერმწერის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავჯდომარის, პროექტის “გზა სახლისაკენ” ორგანიზატორისა  და სულისჩამდგმელის დავით ბაძაღუას ნახატს  “ჩემი ბავშვობის ნავი”  უამრავი ადამიანის ინტერესი, სენტიმენტი და წარსულის ტკბილი მოგონება მოჰყვა

დავით ბაძაღუას “ნავს” მართლაც განსაკუთრებული ისტორია აქვს, რომელიც უკავშირდება მის ბავშვობასა და იმ საუკეთესო წლებს, რომელიც მხატვარს აფხაზეთში აქვს გატარებული.

-დათო, მოგვიყევი შენი ბავშვობის ნავზე…..

-ამ ნავს ბევრად მეტი სიკეთე გაუკეთებია, ვიდრე მე, ან რომელიმე ჩემს ნაცნობსა თუ მეგობარს!
კარგად მახსოვს,  ჩემს ბავშვობაში-აფხაზეთში, ზღვაში შემავალ პატარა მდინარესთან, სოფელ გაგიდაში 40 კვადრატამდე მიწა იყო შემოჭრილი, სადაც მუდმივად იდგა ეს ნავი. ზუსტად ეს ადგილი იყო მისი გაჩერების ადგილი, მაშინ როცა ამ ნავის  პატრონი, სახელად “გუძუ” არ ემსახურებოდა ვინმეს ან რამეს!
თითქმის ყოველთვის  მე და ჩემი მეგობრები ზღვისკენ საბანაოდ სწორედ ამ მდინარის პირა ბილიკით შევდიოდით. აქ კი აუცილებლად დავინახავდით “გუძუს” ნავს.

-რა დატვრირთვა ჰქონდა  “გუძუსთვის” ამ ნავს?  
-გუძუ  ნავით ყოველთვის ეხმარებოდა მოსახლეობას, უბრალო ადამიანებს, ვისაც მეორე მხარეს უნდოდა გადაცურვა. მეორე მხარეს სოფელი პრიმორსკი იყო და თითქმის ყოველდღე გადადიოდნენ ადამიანები. ზოგს ტომრით შაქარი გადაჰქონდა, ზოგს პურის ფქვილი, მოკლედ  რაც ოჯახს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა. გუძუ და თავისი ნავი მუდმივად უანგაროდ ეხმარებოდნენ მოსახლეობას. ჩვენ არ გვახსოვს, რომ მას სანაცვლოდ რამე მოეთხოვოს ოდესმე!
-ცნობილი მოვლენების, ქართულ- აფხაზური კონფლიქტის შედეგად, შენ  დავტოვე აფხაზეთი, თუ გაქვს ინფორმაცია “გუძუს” ნავის შესახებ

-ჩემს მეხსიერებაში კარგად შემორჩა ეს  ნავი იქ, თავისთვის განკუთვნილ მყუდრო ადგილას.  ჩვენ დავტოვეთ აფხაზეთი, გუძუც მალევე გარდაიცალა.ნავიც მის მერე არავის გამოუყენებია, ის მხოლოდ ჩაჭედილი იყო ხალიებში და ალბათ გაყინულიც. რამდენიმე წლის შემდეგ მომიწია მშობლიურ სოფელში გადასვლამ, რა თქმა უნდა “არალეგალურად”. იქ ყოფნისას  მოვინახულე ჩემთვის საყვარელი ადგილები, მათ შორის ჩემი ბავშვობის ბილიკი, მდინარე “გაგიდა ღალი”-ს პირას, რომელიც ზღვაზე შედიოდა.

-ნავი დაგხვდა?
-საინტერესო იყო ბილიკზე ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც გუძუ ნავს ტოვებდა ხოლმე. ამიტომაც გავჩერდი ორიოდე წუთით ამავე ადგილას და დავუწყე ცქერა იმ წერტილს, სადაც, წესით ნავი უნდა ყოფილიყო მიბმული. ბუნებრივია ჭაობიანი ნიადაგია და ხალიებიც გაზრდილია, ამიტომ მაშინვე ვერაფერი შევნიშნე, მაგრამ მოგვიანებით დავინახე  დაჭიმული თოკი, რომელიც სავარაუდოდ გუძუს ნავს ეკუთვნოდა. თანდათან  გამოჩნდა  ნავის წინა ნაწილიც. დანარჩენი ნავი, რა თქმა უნდა, ჩაძირული იყო მდინარეში.

-ეს რა გრძნობა იყო…
– მოვიწყინე , ვიგრძენი, რომ ჩემამდე აქ ვინც გაიარა, უმრავლესობამ ამ ფაქტს გულგრილად შეხედა. არავინ იფიქრა ამ ნავზე, უფრო მეტზე, ვიდრე ფიცრის ერთი დამპალ ნატეხზე, არადა მას ხომ ოდესღაც ადამიანებისთვის დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებია. ძუგუს ნავი  ჩვენი ბავშვობის თბილი, ლამაზი და ტკივილიანი მოგონებაა, და უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ნავი!  მის დანახვაზე სევდა უფრო მომერია, ყველაფერმა წამებში თვალწინ გაიარა, მთელმა ბავშვობამ , ამ ნავით ძუგუს მიერ  გაკეთებული უანგარო სიკეთის დაუფასებლობამ გული საშინლად მატკინა. 

-და შენი ტკივილი გადმოიტანე ტილოზე
-თბილისში რომ დავბრუნდი, დიდხანს ვფიქრობდი ამ ნავზე, ასე შეიქმნა ნახატი,  რომელსაც დავარქვი “ჩემი ბავშვობის ნავი“.  ამ ნავს სული გააჩნია, რადგან მას უფრო მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე მე, ან ჩემს რომელიმე ნაცნობს. დღეს იშვიათობაა მუდმივად უანგაროდ რამის კეთება,ძუგუს ნავს კი შეძლო დაუსრულებლად  ადამიანების დახმარება.
 

“ნავი”, ნამუშევარშიც კარგად ჩანს ნავის, როგორც სულიერის  შინაგანი მდგომარეობა, უანგარობა, ამიტომ რაკურსში ის წარმოდგენილია არა როგორც კონსტრუქციული ფორმითი გამოსახულებით, არამედ შინაგანი მდგომარეობით!

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები