კახა კვაშილავა

საქართველოში წლების განმავლობაში განხილვის საგანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, მუდმივად მიმდინარეობს დებატები ლიბერალური და მკაცრი პოლიტიკის მხარდამჭერებს შორის. დროის სხვადასხვა პერიოდში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა. მოცემულობა შეიცვალა მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლო გახდა უფრო ქმედითი და სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი მუხლების ჩანაწერები სცნო არაკონსტიტუციურად. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა საკანონმდებლო ხელისუფლება აიძულა მოქმედი კანონებში შეეტანა ცვლილებები. მიუხედავად აღნიშნულისა, სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა ისევ მკაცრია, განხორციელებული ცვლილებები არის კოსმეტიკური და ფრაგმენტული. მაშინ, როდესაც საზოგადოება მოითხოვდა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას და მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ხელისუფალება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ მოთხოვნას, მაგრამ ახლა თავად ხელისუფლება ალაპარაკდა მარიხუანის საექსპორტო წარმოებაზე. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ მოხმარება და არ ეხება მხოლოდ მარიხუანას, იგი უფრო ფართო მცნებაა და მოიცავს ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომებს.
მე, კახა კვაშილავა პროფესიით იურისტი ვარ, მოქმედი ადვოკატი, ამავდროულად ვხელმძღვანელობ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს, რომელიც ახორციელებს აივ/შიდსის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მაშტაბით, 11 ქალაქში წარმოდგენილი სერვის ცენტრებისა და 8 მობილური ამბულატორიის მეშვეობით. ჩვენი საქმიანობა მიმართულია ნარკოტიკების მომხმარებლებში სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენზიაზე, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალე ვიყო პირდაპირ კავშირზე საზოგადოებასთან, მოვისმინო მათგან რჩევები, მოსაზრებები და ამავდროულად გავუზიარო ჩემი გამოცდილება.