ახალი ამბებისპორტი

ბრაზილია საშინაო მუნდიალის 1/4-ფინალში გავიდა

ბრაზილიის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამავე ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8-ფინალში ტურნირის მასპინძლებმა ჩილეს დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ- 3:2 სძლიეს. ბრაზილიელთა რიგებში კაიო ჟორჟემ დუბლი გაიფორმა, ხოლო გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე დიეგომ გაიტანა. ჩილელთა მხრიდან კრუზმა დუბლი შეასრულა.

მეოთხედფინალში ბრაზილიელები იტალიისა და ეკვადორის დუელში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ტიტულისათვის ბრძოლას ასევე საფრანგეთის ნაკრები აგრძელებს. ”სამფეროვნებმა” ავსტრალია- 4:0 გაანადგურეს. ნათანელ მბუკუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი ენცო მიიოს ანგარიშზეა. 1/2-ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ფრანგები ესპანელებს გაეჯიბრებიან. ესპანეთმა 1/8-ფინალში სენეგალს- 2:1 მოუგო.

გუშინ გამართულ კიდევ ერთ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მექსიკამ იაპონიას- 2:0 მოუგო. El Tri ქალაქ ვიტორიაში დაგეგმილ 1/4-ფინალურ მატჩში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

დღეს 17-წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო თასზე დასკვნითი ორი 1/8-ფინალური პაექრობა გველის. თბილისის დროით 23:30 საათზე ეკვადორისა და იტალიის მატჩი დაიწყება. არგენტინისა და პარაგვაის მატჩი კი სტარტს 03:00 საათზე აიღებს.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები