ახალი ამბებისაზოგადოება

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას განიცდის

„ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნეს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო,“ – ამის შესახებ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორის მურატ ჯიმადილაევის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამით ბიზნესმენი გამოეხმაურა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებას, სადაც 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს წნეხის ქვეშ მყოფ კომპანიების ჩამონათვალში მათი კომპანიაცაა დასახელებული.

მურატ ჯიმადილაევის განცხადებით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ, 8 მარტს, ცალკეული სუბიექტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ტოტალურ ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს.

გამუდმებით ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული სუბიექტები თავს მოახვიონ საზოგადოებას მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაციები. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი, თითქოსდა ბათუმის ნავთობტერმინალი ან ბათუმის საზღვაო ნავსადგური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიან გარკვეული ტიპის ზეწოლას, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ყოველივე ამის. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ბათუმის ტერმინალი და არც ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არიან მონაწილენი ისეთი პროცესებისა, რომლებიც რაიმე სახით სცდებიან სამართლებრივ სივრცეს და გვაძლევენ საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები დავადანაშაულოთ მცდელობაში ხელი შეუშალონ ან ზარალი მიაყენონ ჩვენს საქმიანობას.

ჩვენ არაერთგზის აგვიღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე და ბიზნესს საქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო.

და ბოლოს, გვსურს ავღნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები