ახალი ამბებიპოლიტიკა

ბახტაძე: „ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“

ევროპარლამენტარებმა სამარცხვინო უწოდეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებულ ბინძურ კამპანიას და გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას. პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს.

„ევროპარლამენტში მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას და საქართველოს ეკონომიკის მზარდ ტენდენციას.

საქართველოსადმი ამ მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია.

რა თქმა უნდა, მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს. მსურს, ყველა ქართველს მივულოცო ეს წარმატება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები. რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმევრო კი პარლამენტში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები