ახალი ამბები

“ავდგები, გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს, მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?”- ნიკა მელია

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია არ აპირებს რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს. მისი თქმით, თუკი მას იმის გამო დააკავებენ, რომ დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მოხსენება წაიკითხა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ, ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ დასაჭერი ხარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებული არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ.

ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან,რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეში? სადაც არ უნდა გაიხედონ ყველგან თავი მოეჭრებათ. იმიტომ რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. აბსურდულ სპირალში არიან შესული,“-განაცხადა ნიკა მელია.

ნიკა მელია პროკურატურის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, იმასთან დაკაშირებით რომ ბრალდების მხარე აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო მას გირაოს პატიმრობით შეუცვლის ეს ხელისუფლება თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვეღარ გაიმართლებს.

„ერთი წამით დავუშვათ და სააპელაციო სასამართლომ ბატონმა მურუსიძემ შეცვალოს გადაწყვეტილება და დამაპატირმოს-ეს როგორ გამოიყურება? კიდევ უფრო მძიმედ. ცხოვრებაში არსებობს ვითარებები,როდესაც აგური დაგეცემა თავზე და შემთხვევითობას ვეღარ დააბრალებ, ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა “ქართული ოცნება.“- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, 20 ივნისის ღამის აქციასთან დაკავშირებით, პროკურატურამ ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით ბრალი წაუყენა. პროკურატურამ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით ჯერ პარლამენტს მიმართა, თანხმობის მიღების შემდეგ კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შეუამდგომლობით. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მელიას 30 ათასიანი გირაო დააკისრა და გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, ნიკა მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. აღნიშნულ შეზღუდვას პოლიტიკოსების უმრავლესობა და კონსტიტუციონალისტები კონსტიტუციის დარღვევად აფასებენ. მათი თქმით, პარლამენტის წევრს სასამართლო გადაადგილებას და სიტყვით გამოსვლას, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებამოსილების განხორციელებაა, ვერ შეუზღუდავს. მმართველი გუნდის ნაწილი კი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო ნიკა მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას, ამიტომ აუცილებელია მისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელონ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები