ახალი ამბებიგანათლებაკულტურასაზოგადოება

ატირებული ბელეტრისტი

ბ.ნ ოტიას ალალი ცრემლი

“ბატონი ოტიას ალალი ცრემლი”

ავტორი ნინო ლექვთაძე

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნე

ცნობილია, რომ მამაკაცები იშვიათად ტირიან, მაგრამ თუ ტირიან, მაშინ მათი ცრემლი ჭეშმარიტად ალალია.
ბატონი ოტია ატირებული ორჯერ ვნახე: ერთხელ მისი გამზრდელი მამიდის – მარიამის და მეორედ მეუღლის – ქალბატონი ქეთევანის დაკრძალვისას.
იდგა 1982 წლის ადრეული გაზაფხული. გავიგეთ – მწერლის მამიდა გარდაცვლილიყო. მახსოვს: მარიამი იყო კეთილი გამომეტყველების, ტანმორჩილი ქალბატონი. ყველას შვილოს ეძახდ და რატომღაც დიდი თუ პატარა მასაც მამიდათი მიმართავდა, ასე მოიხსენიებენ დღესაც.
ბატონი ოტიას და ბიძია იორამის ეზოებს შორის მდგარ ქალბატონ მარიამს რამდენჯერმე გავუგზავნივარ ხოლმე მაღაზიაში პურის საყიდლად. ეს დავალება დიდად მახარებდა, რადგან ვიცოდი თუ ვინ იყო. უკან დაბრუნებულს ორივე ხელით ჯერ პურს გამოგართმევდა, მერე ხურდას დაუთვლელად ჯიბეში ჩაიყრიდა, მადლობა შვილო, გეტყოდა, აუცილებლად გკითხავდა, ვისი ხარო, დაგვლოცავდა, მესერზე მიყუდებულ ხელჯოხს აიღებდა და ტუსტუსით გაუყვებოდა ორღობეს.
მისი დაკრძალვის დღეს შესვენები საათი გამოვიყენეთ, დავხურეთ კურორტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი, აბონემენტის მხარეზე დავტოვეთ დამლაგებელი, უაღრესად პატიოსანი, უკრაინელი, სარწმუნოებით ბაბტისტი, მარია ოხრიმენკო. დირექტორმა დაუბარა, თუ შეგვაგვიანდეს და ვინმემ საყვედური თქვას, უთხარი, სადაც ვიმყოფებით და აჩვენე ეს წიგნიო (თვალსაჩინოებისათვის ოტია იოსელიანის ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული `ვარსკვლავთცვენა~ დაუტოვა.
ეზოში შესვლისას დავინახეთ ხის ძირში მდგარი და მოსაუბრე ბატონი ოტია და მურმან ლებანიძე. ჩვენს დანახვაზე მწერალმა საჩქაროდ აირბინა ერთსართულიანი სახლის კიბე და აივანზე ბიძაშვილების გვერდით დადგა. ჩემს უფროს თანამშრომლებს უკან მივუყვებოდი და ამიტომ კარგად ვხედავდი, თუ როგორ ჩამოდიოდა ცრემლები ბატონ ოტიას. ნათლად ჩანდა, რომ გამზრდელი მამიდის ღრმადმოხუცებულობას ვერ გადაეფარა მისი მწუხარება. მასთან ერთად, ალბათ, დასტიროდა მის გაუხარელ ბავშვობას, რომელიც დაწვრილებით აღწერა თავის ავტოგრაფიულ ნოველებში.
ჩვენი იქ ყოფნისას მოვიდა მწერლის რძალი, ბაჩოს მეუღლე, ნანა ნიშნიანიძე. თალხით მოსილმა, გარდაცვლილის საპატივცემულოდ მოიტანა იების დიდი კონა, კერამიკის დაბალი თეთრი ლარნაკით და თავსასთუმალთან დაუდგა განსვენებულს. ნანა დიდ პატივს სცემდა მამიდა მარიამს. შემდეგ, როცა ეს ამბავი გავახსენე, მითხრა: `დღესაც სათუთად ვინახავ მის მიერ ნაჩუქარ უცხოურ, ნაზ მაქმანებიან თეთრეულს (რომელიც მისთვის ძმისშვილ შალვას გამოუგზავნია გერმანიიდან) და მინდა დიდი მამიდას სახსოვრად გადავცე ჩემს შვილიშვილს, უმცროს ქეთევანსო. თბილად ჩაიკრა ნანა გულში ბატონმა ოტიამ – იცრემლებოდნენ ორივენი. ამოვიდა აივანზე მურმან ლებანიძე და ბატონი ოტია ისევ ეზოში ჩაიყვანა. ნანა საჭირისუფლოში დასვეს ქალებმა.
ჩვენც მივედით მწერლებთან. ბიბლიოთეკის დირექტორი მაყვალა გორდეზიანი რაჭვეული გახლდათ და პირადად კარგად იცნობდა ბატონ მურმანს. წარუდგინა ჩვენი თავი, ჩემი თანამშრომლები არიანო. ჩვენც მოვესიყვარულეთ პოეტს, ვუთხარით, თუ როგორ მოგვწონდა მისი ლირიკა, რაც ძალიან ესიამოვნა. თავის მხრივ ბატონმა ოტიამ დასძინა: `ეს მადლიანები არიან ჩვენი ერთგული შუამავლები მკითხველებთან, ამათ ბევრი სიკეთის ქმნა ხელეწიფებათო~.
დროის უქონლობის გამო განსვენებულის მოსახსენებელ ტრაპეზზე ვერ დავრჩით. ბიბლიოთეკაში დაბრუნებულებს მარია შეშფოთებული დაგვხვდა, მაყვალას თვალცრემლიანმა უთხრა: ` – Я всё сделала, но не могла ответить где лежит беллетристика. – Скажите пожалуйста а что такое беллетристика?!~ მის ასეთ გულუბრყვილო შეკითხვაზე ჩვენ გაგვეღიმა. მარიამ ტირილს უმატა.
ნათელდამდგარმა მაყვალამ მოეფერა და უთხრა: – `Мария! вся библиотека почти беллетристика.~
– `Ой, Амбросиевна, это я же не знала, милая моя~ – თქვა აქოთქოთებულმა მარიამ და როგორც იქნა დაამშვიდა.
  ასე რომ, ვნახეთ გამზრდელი მამიდის ამ ქვეყნიდან გასვლით ატირებული ბელეტრისტი, მაგრამ სიტყვა ბელეტრისტიკა სევდანარევ ღიმილს გვგვრიდა, მაშინ როცა ორი კეთილშობილი, დაუოჯახებელი, ობლების გამზრდელი მანდილოსნის ნათელ ხსოვნას უკავშირდებოდა.
***
 მეორედ, თვალცრემლიანი მწერალი ისევ საქართველოში, 1996 წლის 25 თებერვალს გარდაცვლილი მეუღლის, ქალბატონი ქეთევანის დაკრძალვის დღეს, 2 მარტს ვიხილე.
მე და ჩემი და მანანა ცოტა ნაადრევად მივედით, ჩვენი ეზოს ნარცისებით. მოხდა ისე, რომ იმ დროს მიმსვლელები არ იყვნენ და უნებლიედ იქ მყოფთა და ჭირისუფალთა ყურადღება მეტნაკლებად მივიქციეთ.
როგორც სიცოცხლეში, მიცვალებულსაც საოცრად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა დაფენილი სახეზე. გულისშემძვრელად ტიროდა მანანა დედას – ღირსეულ ქალბატონს. ცხედართან საჭირისუფლოში დათრგუნვილები იდგნენ ვაჟები, დედის დიდი მეგობრები, ბაჩო და დაჩი.
თაღებიანი სახლის, მეორე სართულის აივანზე სამძიმარზე იდგნენ ბატონი ოტია და მისი ძმა შალვა. ამჯერადაც ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები მწერალს. ახალგაზრდობაში მათი რუდუნებით ნაგები სახლი დღეს სამუდამოდ უნდა დაეტოვებია მის თანამერხელს და თანამეცხედრეს, მისი შედევრების პერსონაჟს და პირველ წამკითხველს – ეს უთუოდ უმძიმესი იყო მისთვის. მისამძიმრებისას დავინახე, თუ როგორ უთრთოდა ბეჭები. მორიდებით გავიზიარეთ ბატონი შალვას მწუხარება და იქვე დავდექით. მან ჰკითხა ძმას, თუ ვინ ვიყავით. ჩვენი მიშა ლექვთაძის შვილებიაო, უპასუხა ბატონმა ოტიამ. სულგანათლებული შალა მოგვიბრუნდა და კიდევ ერთხელ გვითხრა მადლობა.
ჩვენ ისევ სახლში შევბრუნდით და ერთ კუთხეშ დავჯექით.
დიდი სასტუმრო ოთახი, სადაც მრავალი ლამაზი დღე და საღამო გაგვიტარებია, ახლა მწუხარებას მოეცვა. კედელი, რომლის გასწვრივ მგლოვიარენი ისხდნენ, შავი დრაფირებული ხავერდით იყო დაფარული. შუაში ასევე დრაფირებული სამკუთხედის ფორმის თეთრი ფარჩა იყო ჩამოშვებული. მასზე განსვენებულის ფოტოპორტრეტი ეკიდა თეთრი მიხაკების თანხლებით…
დაკრძალვიდან კარგა ხნის შემდეგ მანანას ვკითხე: ასე შინაარსიანად კედელი ვინ გააწყო-მეთქი? `დაჩიმ, ნინო, დაჩიმ~ – თქვა მანომ და ატირდა.
სასაფლაოდან დაბრუნებისას ბაჩომ მითხრა: – “იცი, დედაჩემი ახლა როგორ მენატრება?  ბავშვობაში სადმე რომ იქნებოდა წასული, მოუთმენლად ველოდი მის დაბრუნებასო. ვინ და რა შემიცვლის ზამთრის ცივი ღამეების იმ სითბოსა და მყუდროებას.

-“ჩემო ნინო, უშუქობას ცვილის სანთლით ვებრძოდით და ასგზის წაკითხულ `ვეფხისტყაოსანს ასმეერთედ, ურთიერთ შენაცვლებით რომ ვკითხულობდითო”.
მე მჯეროდა მისი ალალად თქმულის და მთელი გულით ვიზიარებდი ჩემი ბავშვობის მეგობრის დედის, უსათნოესის, დეიდა ქეთევანის ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასვლით გამოწვეულ უდიდეს დარდს.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები