ახალი ამბებისამართალი

არასამთავრობოების ანგარიში: ერთდროულად თბილისის ორ ღამის კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშისა და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2018 წლის 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციასა და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საპოლიციო ღონისძიების ჩატარების დროს, ერთდროულად თბილისის ორ ღამის კლუბში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშისა და დაუცველობის შეგრძნება და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება გააჩინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რის აღმოსაჩენად მიეცა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება და გაურკვეველია ოპერაციის მიზანიც.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განმარტებით, ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ვერსია, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რით შეიძლებოდა ყოფილიყო გამართლებული სამინისტროს მხრიდან ღამის კლუბებში ამ მასშტაბისა და მოცულობის ოპერაციის ჩატარება, თუმცა არც ერთი განხილული ვერსია არ შეიძლება ყოფილიყო შს სამინისტროს მხრიდან სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული.

„პრინციპში ყველა ვერსია მოკლებულია არგუმენტაციას, ძალიან საინტერესოა ამ კონტექსტში სასამართლოს განჩინება, რომელიც 10 მაისს არის გაცემული. ძალიან საინტერესოა პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ ღამის კლუბში, შესაბამისად, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიცია მოუწოდებდა, რომ თუკი ვინმეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, დაეყარათ და გამოსულიყვნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული პირები, ვისზეც საუბარია, რეალიზატორებზე, დაკავებულები არიან კლუბის გარეთ, ისინი არ არიან დაკავებულები უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე და ამ კონტექსტში დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რას უკავშირდებოდა ამ ღონისძიების უშუალოდ კლუბში ჩატარება; მეორე ნაწილი უკვე ინაცვლებს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქ ჩვენ ვსაუბრობთ პროტესტსა და პროტესტთან მიმართებაში სამინისტროს მოქმედებაზე: ის, რომ მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევაში ორ ნაწილად იყო გაყოფილი; ის, რომ დაკავებას ხშირ შემთხვევაში პოლიცია ახდენდა უმეტესად პრაქტიკულად უაპელაციოდ და ამას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა სასამართლოში, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლოში ყველა საქმის განხილვა დასრულებული არ არის, თუმცა ის საქმეები, რომლებზეც ჩვენ წარმოვადგენდით დაკავებულებს, უმეტესწილად შაბლონურია, ერთი და იგივე ტიპისაა, ისევ იკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრობლემურობა; სასამართლო ძირითად ყურადღებას ისევ პოლიციელების ჩვენებებსა და ოქმზე ამახვილებს და სამართლებრივად იმის განხილვაში არ შედის, თუ რა გამოიხატა პოლიციელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლევაც ძირითადად ადასტურებს იმას, რომ სამართალდარღვევათა კოდექსი მთელი თავისი სისტემიდან გამომდინარე ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს“- განმარტა სულხან სალაძემ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები