ახალი ამბებიპოლიტიკა

„არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს“

არჩევნების მეორე ტურის დასრულებასა და ცესკოს-ს მიერ ხმების 100%-ის დათვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი.

დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვაყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროთ მათ. ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის შემოტანის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი. პირველ რიგში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დავაანონსეთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები