ახალი ამბები

ალექსანდრე ლიგინი-თბილისელი, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა

ტრაგედიიდან 18 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება დაგვიანებით გაიცნობს ნიჭიერ თბილისელ ახალგაზრდას ალექსანდრე ლიგინს, რომელიც ამ ტერაქტის დროს დაიღუპა

ტელე- რადიო ჟურნალისტის  თეონა (მზია) გოგნიაშვილის მასალები გამოირჩევა დაუსრულებელი ინტერესით, ამაში მას  წლების პროფესიული გამოცდილება და რესპოდენტებთან მისეული – ორიგინალური ხედვის “რაკურსი” ეხმარება.    ჟურნალისტი იძიებს სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებულ და ღირსეულ ქართველებს, რომლებსაც უნდა იცნობდეს მშობლიური ქვეყანა! 

მაია ცომაიას ბლოგი

ამჯერადაც, მასალაში,  სათაურით “შეწყვეტილი ფრენა” თეონა გოგნიაშვილმა გაგვაცნო  ამერიკაში ტერაქტის დროს დაღუპული თბილისელი ფიზიკოსი და პოეტი საშა ლიგინი. ამაში მას ამერიკაში მცხოვრები მზია კანდელაკი დაეხმარა, რომელიც საშას დედას, ქალბატონ ვალენტინა ლიგინას კარგად იცნობს. 

მადლობა ჩემს კოლეგას, რომელიც გვანებივრებს ღირსეული ქართველების წარმოჩენით ქვეყნის ფარგლებს გარეთ! 

მაშ ასე, გაიეცანით მასალას

ტრაგედიიდან 18 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება დაგვიანებით გაიცნობს ნიჭიერ თბილისელ ახალგაზრდას ალექსანდრე ლიგინს, რომელიც ამ ტერაქტის დროს დაიღუპა…

საშა ლიგინი – ჩვენ არ დაგვიწყია იმის გამოკვლევა, თუ რატომ დარჩა ამ პიროვნებასთან დაკავშირებული ეს ფაქტი ყურადღების მიღმა. საამისოდ საკმაოდ დიდი დროა გასული. უსამართლობად მიგვაჩნია ის ამბავი, რომ ასეთი საოცარი ბიჭის წარმატებული ცხოვრების შესახებ მის მშობლიურ ქალაქში ერთეულებმა თუ იციან…

აქვე მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მზია კანდელაკს, ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს რესპონდენტს, ქართველ მწერალს, რომელმაც ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები მოგვაწოდა და რომელიც საშას დედას, ქალბატონ ვალენტინა ლიგინას კარგად იცნობს.

მზია კანდელაკი: 11 სექტემბრის ტერაქტზე მაქვს საინტერესო ამბავი ერთ თბილისელ ახალგაზრდაზე, რომელიც ამ ტერაქტს ემსხვერპლა და ეს არც ერთ გამოცემას დღემდე არ გაუშუქებია. მისი წიგნიც მაქვს, რომელიც დედამისმა ავტოგრაფით მაჩუქა. ამ თემაზე საუბარი მას ძალიან უჭირს, ჩვენ საელჩოზეა გულნატკენი. ამ ოჯახის ყველა წევრი მამა-პაპით თბილისელია. დედას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მუსიკოსია. 2014 წელს საშას დედა თბილისში ჩამოვიდა და მას შვილის სკოლამ შეხვედრა მოუწყო. ათარბეგოვზე უცხოვრიათ და დღემდე თბილისზე არიან შეყვარებული. ეს ბიჭი ნიუ-იორკშია დაკრძალული, მისი დედა აქ 11 სექტემბრისთვის ჩამოვიდა. დღეს ეს ოჯახი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს… მაშინ საქართველოს საელჩოს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მითხრა, გამწარებული ვეძებდი გზებსო. ახლაც არ უნდოდა არაფრის თქმა – ვის დააინტერესებსო. მე ვუთხარი, საელჩო მთელი საქართველო არ არის–მეთქი, საქართველო – ქართველი ერია, ჩვენ ქვეყანაში სტუმარსაც კი ღვთის კაცად თვლიან და იქ დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს როდის იყო, ზურგს ვაქცევდით–მეთქი. თუ თქვენ მოახერხებთ ამ ამბის მკითხველამდე მიტანას, ვფიქრობ, ამაში ეს ქალბატონიც დარწმუნდება და იგრძნობს, რომ თუნდაც ამდენი წლის შემდეგ მის ტკივილთან მარტო არ არის…

ჩვენს მკითხველს ვაცნობთ 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული ნიჭიერი ახალგაზრდა თბილისელის ალექსანდრე ლიგინის საინტერესო ცხოვრების ამბავს…

ალექსანდრე ლიგინი – ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროზაიკოსი და პოეტი, რომელმაც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მოკლე დროში მიაღწია წარმატებას. მისი ცხოვრების ამბავი თბილისში დაიწყო.

დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს თბილისში. მამა ვლადიმერ ლიგინი განათლებით ფიზიკოსი იყო, დედა ვალენტინა ლიგინა – მუსიკის მასწავლებელი. საშა ბავშვობიდან კეთილი, გამორჩეული და მეტად ცნობისმოყვარე ბიჭი ყოფილა. სკოლაში განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა და ამიტომ ერთი წლით ადრე დაამთავრებინეს. 1989 წელს ფიზიკასა და მათემატიკაში რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 16 წლის ასაკში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსიდან სამეცნიერო სფეროთი და პროგრამირებით დაინტერესდა. 1990-1992 წლებში თსუ-ს მეცნიერ-თანამშრომელთან ერთად მონაწილეობდა სემინარებში ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც თბილისის უნივერსიტეტის რადიოფიზიკის ფაკულტეტზე შესრულებული მეცნიერული ნაშრომები წარადგინა. მესამე კურსზე სწავლისას ამერიკული კომპანიის Sistems Inc (Beverly Hills CAJ) პრეზიდენტის  წინადადებით მუშაობა კომპანიის პროგრამისტად დაიწყო.

2001 წლის დასაწყისში საშამ Microsoft-ის და Cantor Fitzgerald-ის კომპანიებში მუშაობის მიწვევა მიიღო. მცირე ყოყმანის მერე არჩევანი Cantor Fitzgerald-ზე შეაჩერა. 2001 წლის თებერვალში ამ ფირმის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა.

ტექნიკური სფეროს გარდა ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საოცარ მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. ორი წლის მანძილზე 60-ზე მეტი მოთხრობა, ესსე და ლექსი აქვს დაწერილი. მის ოთხ მოკლე მოთხრობას, რომელიც გაზეთ „მონიტორში“ დაიბეჭდა, წარმატება მოჰყვა.

ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ საშა ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. რა სფეროშიც არ უნდა ყოფილიყო, ის ყველაფერს მაღალ პროფესიულ დონეზე აკეთებდა. 2000 წელს საშამ მიიღო პროფესიონალი ფოტოგრაფის ლიცენზია და ამერიკული ჟურნალის Today,s Photograpy-ის ფოტოკორესპონდენტიც გახდა. იმავე წელს თავის მეგობართან მარკ როგოვთან ერთად საკუთარი ფირმა გახსნა. საშა ამ ფირმის პრეზიდენტი იყო და შვიდკაციანი კოლექტივის საქმიანობას თავად ხელმძღვანელობდა.

2001 წლის ოქტომბერში მისი ქორწილი უნდა ყოფილიყო. სექტემბრის იმ ტრაგიკულ დღეს საშას საცოლე ანა ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ეს ტრაგედია საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებთან ერთად გადაიტანა. საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა ყველაფერი მოესწრო. მის ირგვლივ არსებულ სამყაროს სიკეთით და სიყვარულით ავსებდა…

ასეთი წინასიტყვაობა ახლავს ამერიკაში გამოცემულ ალექსანდრე ლიგინის წიგნს „შეწყვეტილი ფრენა“.

ახლა მის შესახებ გვიან, მაგრამ ჩვენთანაც ეცოდინებათ…

თბილისი არ ივიწყებს მის შვილებს…

 

წყარო:  Read more: https://sputnik-georgia.com/people/20190911/246469187/aleqsandr-ligin.html

Read more: https://sputnik-georgia.com/people/20190911/246469187/aleqsandr-ligin.html

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები