ახალი ამბებისაზოგადოება

“ახალი წლის დადგომა ოთხი კარტოფილით აღვნიშნეთ… თავად არ მიჭამია” – 4 შვილის დედას, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალი წლის დადგომა ოთხი კარტოფილით აღვნიშნეთ. მეტი არაფერი გვქონდა. თავად არ მიჭამია, მხოლოდ ერთი ლუკმა ჩავიდევი პირში და ისიც „ყელში გამეჩხირა“, – ამბობს 35 ნესტან ტუფურია, ოთხი შვილის დედა.

გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, იგი მარტო ზრდის შვილებს, რადგან დამხმარე არ ჰყავს. მისი მეუღლე – ბავშვების მამა ციხეშია. იგი შვილს გამოექომაგა და კონფლიქტი მოუვიდა ნაცნობებთან. შედეგად – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დედა სასოწარკვეთაშია: უჭირს ბავშვების დაპურება, არ იცის სად იშოვოს შეშა, როგორ მოამზადოს შვილები სკოლისთვის. მოკლედ, უამრავი პრობლემა აქვს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან – არავითარი დახმარება.

„აი, ვიწყებ ფაფის მომზადებას და ამ დროს, 10 თვის ემილია, რომელიც უფროს ბიჭს დიეგოს ხელში ჰყავს აყვანილი, იწყებს ტირილს; გამოვართმევ ბავშვს, ვიწყებ მის დამშვიდებას და უცებ მესმის 9-წლის მანუჩარის წუწუნი: „დედიკო, მშია“; ერთ ხელში ბავშვი მიჭირავს, მეორე ხელით კი ფაფას ვურევ; უცებ 7 წლის თაკოს მუცელი ატკივდება, ალბათ შიმშილისგან. აი, ასე დავრბივარ მთელი დღე გაზის ბალონსა და დერეფანს შორის, არადა კიდევ ოთახიც დასალაგებელია, ტანსაცმელიც გასარეცხია და გახეული შარვალიც უნდა გავკერო“, – გვიყვება ნესტანი.

მისი თქმით, მეუღლე თეიმურაზი შესანიშნავი მამაა. მან ვერ აიტანა, როდესაც შვილს შეურაცყოფა მიაყენეს ცელქობის გამო და იჩხუბა. „ბავშვები ძალიან განიცდიან, რომ მამა ციხეშია. როგორც მითხრეს, მას ვადაზე ადრე გამოუშვებენ. ეს ალბათ ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, მაგრამ მანამდე ხომ უნდა გავუძლოთ შიმშილს“, – ამბობს ნესტანი.

ბებია და ბაბუა არ გეხმარებათ?

ნესტანი: მათ ქვის გული აქვთ. არაფერში მეხმარებიან, პირიქით – ცუდად გვექცევიან. ერთხელ, ბებია გაბრაზდა, მანუჩარს ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი ესროლა და ხელი მოსტეხა. მერე სასამართლომ განიხილა მისი საქციელი და გირაო შეეფარდა. აი, ასეთი საშინელება ხდება ამ სახლში. ღმერთო, დაგვიფარე!

გამოდის, რომ ამ სახლში გაჩერება საშიშია ბავშვებისთვის?

ნესტანი: დიახ, არავინ იცის რას მოიმოქმედებენ ბებია და ბაბუა. ჩვენი დამცველი მხოლოდ ეს ეზოს ძაღლია, რომელიც ბავშვებმა შემოიჩვიეს.

როგორი საყოფაცხოვრებო პირობები გაქვთ?

ნესტანი: სახლში არც წყალია და არც გაზი, არ გვაქვს მაცივარი, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან, ავეჯი მწყობრიდანაა გამოსული, იატაკი კი ყანყალებს.

რით ირჩენთ თავს?

ნესტანი: მიზერული სოციალური ფულადი დახმარება არის ჩვენი ერთადერთი „შემოსავალი“, რომელიც 10 დღე ძლივს გვყოფნის.

ხელისუფლება გეხმარებათ?

ნესტანი: მე აფხაზეთიდან ვარ. ჩემი მშობლები იქ არიან და ვერ მეხმარებიან. მათ აქეთ არ უშვებენ და მე – იქით. მივმართე დევნილთა სამინისტროს თხოვნით, რომ საცხოვრებელი გამოგვიყონ, მაგრამ ჯერჯერობით უარს ამბობენ.

რაზე ოცნებობს მრავალშვილიანი დედა?

ნესტანი: აქედან წასვლაზე ვოცნებობ, მინდა ჩემს ქმარ-შვილთან ვიცხოვრო მშვიდად და წყნარად. ახლა მეხუთე შვილზე ვარ ორსული და ეჭვი მაქვს, დაიბადება თუ არა ის ჯანმრთელი.

მეგობრებო, აი ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ცხოვრება დედას და მის ოთხ შვილს. სამწუხაროა, რომ ყველაზე მეტად პატარები იჩაგრებიან! ჩვენ დავინტერესდით თუ რაზე ოცნებობენ ამ ოჯახის ბავშვები. მათ კი – ერთხმად გვიპასუხეს: „ვოცნებობთ, რომ მამიკო მალე დაბრუნდეს“. აი, ასე უყვართ ბავშვებს მამა, რომელიც მათ „წაართვეს“.

ჩვენ ვუსურვებთ დიეგოს, მანუჩარს, თაკოს და ემილის ბედნიერ ბავშვობას. თუმცა, თუ მათ არ ექნებათ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დახმარება, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადალახავენ მათ წინაშე არსებულ უამრავ პრობლემას.

ჩვენი დახმარება შეუმსუბუქებს მათ მძიმე არსებობას, მისცემს დიდ სტიმულს. ამ ეტაპზე ტუფურიების ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, მაცივარი, მედიკამენტები, საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

თქვენ შეგიძლიათ ისინი პირადად მოინახულო ასპინძის რაიონის სოფელ აბასთუმანში და დაეხმაროთ, გადასცეთ საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები. დაურეკეთ მათ ამ ნომერზე 574 086 096 და გაესაუბრეთ.

თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტუფურიების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/491-tupuria/

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები